„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ (ADC) გენერალური დირექტორის, ლევან ახვლედიანის ინფორმაციით, პორტს ჯერჯერობით საფრთხე არ ემუქრება და ინვესტორები მათთან ერთად მუშაობენ ამ პროექტის განსახორციელებლად. ამის შესახებ მან ანაკლიაში სასწავლო ცენტრის გახსნაზე ისაუბრა.
მისივე თქმით, პორტის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო, ინვესტორებმა შეშფოთება გამოთქვეს და აღნიშნეს, რომ თუ ეს პრობლემა არ მოგვარდება, მათთვის ფინანსური გადაწყვეტილებების მიღება რთული იქნება.
„ჯერჯერობით პორტს საფრთხე არ ემუქრება. ინვესტორები აგრძელებენ ჩვენთან ერთად მუშაობას ამ პროექტის განსახორციელებლად. ზაფხულამდე განხორციელდება მოსამზადებელი სამუშაოები. შემდეგ კი დაიწყება რკინა-ბეტონის სამუშაოები. გვერდითი მოვლენები, რომელიც ეხება პროექტის მთავარ სპონსორებს, ამ პროექტზეც ზეგავლენას იქონიებს. ჯერჯერობით პროცესები არ შეჩერებულა, თუმცა აუცილებელია ის გაუგებრობა, რომელშიც დღეს ჩვენ აღმოვჩნდით მოგვარდეს, სიცხადე მოეფინოს და დასრულდეს.
ეს არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ჩვენმა ინვესტორებმა თავისუფლად მიიღონ ის გადაწყვეტილებები, რომელიც საჭიროა ფინანსური დახურვისთვის. მესიჯები იყო, რომ მათ გამოთქვეს შეშფოთება ამ მოვლენებთან დაკავშირებით, რომ თუ ეს პრობლემა არ მოგვარდება, ფინანსური გადაწყვეტილებების მიღება იქნება ძალიან რთული“, - აღნიშნა ახვლედიანმა.