„ბოინგმა“ თავისი ავსტრალიური შტოს მიერ შემუშავებული, უპილოტო საბრძოლო თვითმფრინავი წარმოადგინა, რომელიც გამყოლი პილოტირებადი თვითმფრინავიდან იმართება და რომლის ოპერირებაც, პილოტირებადთან შედარებით, გაცილებით იაფი დაჯდება. ახალი თვითმფრინავის სახელია „ბოინგ ეარფაუერ ტიმინგ სისტემ“.
მრავალმხრივი დანიშნულების საბრძოლო თვითმფრინავის სიგრძე 11.6 მეტრია. მისი ფრენის სიშორე 2 000 საზღვაო მილს (3 704 კილომეტრი) აღწევს. ამერიკული კომპანია მას მალე მსოფლიო ბაზარზე გამოიტანს და შემკვეთის სურვილის შემთხვევაში, საჭირო მოდიფიკაციებსაც ჩაუტარებს.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ეს პირველი საბრძოლო თვითმფრინავია, რომელიც „ბოინგმა“ ავსტრალიაში შეიმუშავა. კომპანია არ აკონკრეტებს, თუ რა დაუჯდა მისი შექმნა, თუმცა აცხადებს, რომ ამერიკის გარეთ უპილოტო სისტემების შესაქმნელად, უპრეცედენტოდ დიდი ინვესტიცია გაიღო. პარალელურად, პროტოტიპის შექმნაზე, ავსტრალიის მთავრობამ, 40 მილიონი ავსტრალიური დოლარი დახარჯა.
საინტერესოა, რომ „ბოინგის“ პარალელურად, მსგავსი უპილოტო საბრძოლო თვითმფრინავების შექმნაზე, მისი კონკურენტები - „ლოკჰიდ მარტინი“ და „კრატოს დიფენსიც“ მუშაობენ.
„ბოინგის“ კვლევასა და პროტოტიპებზე მომუშავე შტო „ფანტომ უორკს ინტერნეიშენლის“ დირექტორი შეინ არნოტი ამბობს, რომ ახალ უპილოტო თვითმფრინავს, „F/A-18E/F სუპერ ჰორნეტთან“ ერთად, მანევრირების და ბრძოლებში მონაწილეობის უნარი აქვს. ამასთან, ერთი გამყოლი საბრძოლო თვითმფრინავით, ერთდროულად 4-6 „ბოინგ ეარპაუერ ტიმინგ სისტემის“ ეფექტურად ოპერირებაა შესაძლებელი.
„ბოინგ აუტონომოუს სისტემზის“ ვიცე პრეზიდენტ კრისტინ რობერტსონის თქმით, საბრძოლო ამოცანების შესრულების გარდა, „ბოინგ ეარპაუერ ტიმინგ სისტემის“ სადაზვერვო, დაკვირვების, ელექტრონული ბრძოლების და სხვა მისიებისთვის გამოყენებაა შესაძლებელი. „F/A-18E/F სუპერ ჰორნეტის“ გარდა, მისთვის გამყოლის ფუნქციის შესრულება „P-8 პოსეიდონს“ და „E-7 ვეჯტაილსაც“ შეუძლია.
თვითმფრინავი კომერციულად ხელმისაწვდომი რეაქტიული ძრავის (კომპანიას არ დაუკონკრეტებია) მოდიფიცირებული ვერსიითაა აღჭურვილი. „ბოინგ აუტონომოუს სისტემზის“ აფრენა-დაშვებისთვის სტანდარტული ასაფრენი ბილიკი გამოდგება. გარდა ამისა, მცირე მოდიფიკაციის შემდეგ, ის ავიამზიდის ასაფრენ ბილიკზე დაშვებასაც შეძლებს.