ლარში დეპოზიტების მოცულობა 20,6 მლნ ლარით შემცირდა

იანვარში, წინა თვესთან შედარებით, ლარით დენომინირებული დეპოზიტების მოცულობა 20.6 მლნ ლარით (0.2%-ით) შემცირდა და 8.48 მლრდ ლარი შეადგინა. ამის შესახებ ეროვნული ბანკის 2019 წლის იანვრის „თვის მიმოხილვაშია“ აღნიშნული.

სებ-ის ინფორმაციით, ვადიანი დეპოზიტები - 283.6 მლნ ლარით გაიზარდა, ხოლო მიმდინარე ანგარიშები 304.3 მლნ ლარით შემცირდა.

ამასთან, უცხოური ვალუტით დენომინირებულ დეპოზიტებზე 2.2%-იანი (117.9 მლნ დოლარი) კლება დაფიქსირდა და პერიოდის ბოლოს 5.32 მლრდ დოლარი შეადგინა.

„აღნიშნული კლება ძირითადად მიმდინარე ანგარიშების შემცირებით იყო განპირობებული. სავალუტო და სალარე დეპოზიტების ზრდის ტემპებიდან გამომდინარე დეპოზიტების დოლარიზაციის მაჩვენებელი, 2019 წლის იანვარში 0.6 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 62.5 პროცენტს შეადგენს. საანგარიშო პერიოდის ბოლოს, იურიდიული და ფიზიკური პირების დეპოზიტების დოლარიზაცია, შესაბამისად, 52.5 და 75.5 პროცენტს შეადგენდა. იანვარში, საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთები დეპოზიტებზე გაიზარდა 0.2 პროცენტული პუნქტით და 5.9 პროცენტი შეადგინა. ეროვნული ვალუტით მოზიდულ დეპოზიტებზე ბანკების მიერ გადახდილი სარგებლის წლიური საშუალო შეწონილი განაკვეთი წინა პერიოდთან შედარებით შემცირდა 0.5 პროცენტული პუნქტით და 7.7 პროცენტს შეადგენს“,- ნათქვამია სებ-ის თვის მიმოხილვაში.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, იურიდიული პირების ეროვნული ვალუტით დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთი წინა თვესთან შედარებით 0.6 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 7.4 % შეადგინა.

რაც შეეხება ფიზიკური პირების დეპოზიტებზე წლიურ განაკვეთებს, 0.1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 9.0 %-ს შეადგინა.

„უცხოური ვალუტით მოზიდული დეპოზიტების წლიური განაკვეთი შემცირდა 0.1 პროცენტული პუნქტით და 2.8 პროცენტს შეადგენს. უცხოური ვალუტით იურიდიული პირების დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთები 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 2.8 პროცენტია, ხოლო ფიზიკური პირების დეპოზიტებზე განაკვეთი შემცირდა 0.1 პროცენტული პუნქტით და 2.8 პროცენტს შეადგენს. 2018 წლის იანვარში არსებულ განაკვეთებთან შედარებით, ეროვნული ვალუტით დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთები 0.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 7.7 პროცენტს შეადგენს, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 0.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და შეადგენს 2.8 პროცენტს“,- აღნიშნულია „თვის მიმოხილავში.