„მიკროსაფინანსო კომპანიების ბაზარზე გარკვეული შემცირება არის, თუმცა ვერ ვიტყოდი, რომ ამას კატასტროფული ხასიათი აქვს,“ - ასე გამოეხმაურა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, კომპანია „კრისტალის“ დამფუძნებელი არჩილ ბაკურაძე ერთი წლის განმავლობაში მისო-ების რაოდენობის 12%-ით შემცირებას.
„ჩემი აზრით, ის სტრატეგია, რომ საფინანსო სექტორი ავაცილოთ ჭარბვალიანობის კრიზისს, წარმატებული არის და მე ვფიქრობ, ეკონომიკა მოკლევადიან პერიოდში შექმნილ სირთულეებს გადაიტანს. მე როგორც ვიცი, საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებით დიალოგი გრძელდება. მთავრობა და ეროვნული ბანკი მკაცრად აკვირდებიან ბაზარზე არსებულ პროცესს და ჩემი აზრით, საბოლოო ჯამში, საშუალოვადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში, ჩვენ გვექნება დადებითი შედეგი“, - განაცხადა არჩილ ბაკურაძემ.
შეგახსენებთ, რომ საზედამხედველო კაპიტალის ზრდამ, სესხებზე საპროცენტო განაკვეთზე დაწესებულმა ზედა ზღვარმა და კლიენტების გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე კრედიტის გაცემის აკრძალვამ ბაზრიდან რამდენიმე მიკროსაფინანსო ორგანიზაციის გასვლა გამოიწვია.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ანგარიშების მიხედვით, 2018 წლის მეოთხე კვარტალში ბაზარზე სულ 67 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ოპერირებდა, რაც 12%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2017 წლის მეოთხე კვარტალში ბაზარზე 75 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იყო.
ამავე მონაცემებით, 2018 წლის მეოთხე კვარტალში საფინანსო ბაზრის ამ სექტორში სულ დასაქმებული იყო 4 387 ადამიანი, რაც 355 ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. შარშან მისო-ებში 4 742 ადამიანი მუშაობდა.