2015-2018 წლებში საქართველოში 28 940 უცხოელი სტუდენტი სწავლობდა.
ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტოდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის პასუხად აცნობეს.
როგორც უწყებიდან გამოგზავნილი დოკუმენტიდან ირკვევა, უცხოელი სტუდენტების რაოდენობა წლიდან წლამდე მატულობს. კერძოდ, 2015 წელს საქართველოში, ჯამში, 4912 სტუდენტი სწავლობდა, 2016 წელს - 5716, 2017 წელს - 8602, ხოლო 2018-2019 სასწავლო წელს - 9710.
რაც შეეხება ქვეყნებს, როგორც გამოგზავნილი დოკუმენტიდან ირკვევა, ყველაზე მეტი სტუდენტი საქართველოში ინდოეთიდან ჩამოდის. თუ 2015 წელს საქართველოში 1072 სტუდენტი მხოლოდ ინდოეთიდან შემოვიდა, 2018 წელს ეს ციფრი 5008-მდე გაიზარდა. 2015-18 წლებში კი, ინდოეთიდან შემოსული სტუდენტების რაოდენობამ ჯამში 10 428-ს მიაღწია.
რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, აზერბაიჯანიდან საქართველოში 2015-18 წლებში 8439 სტუდენტია შემოსული, ამავე პერიოდში, ერაყიდან - 2299, თურქეთიდან - 1422, ნიგერიიდან - 1895, რუსეთიდან - 1183, ირანიდან - 742, ხოლო სირიიდან - 433.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში სასწავლებლად ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ევროპის ქვეყნებიდან ჩამოსული სტუდენტების რაოდენობა მცირეა.
2015-18 წლებში ჯამში გერმანიიდან სასწავლებლად 36 სტუდენტი ჩამოვიდა, დიდი ბრიტანეთიდან - 30, საბერძნეთიდან - 47, პოლონეთიდან - 14, შვედეთიდან - 6, უკრაინიდან - 145, ხოლო ამერიკის შეერთებული შტატებიდან - 143, ბელორუსიდან - 20, ეგვიპტიდან - 387, ესპანეთიდან - 5, ესტონეთი - 9, ზიმბაბვედან - 22, თურქმენეთიდან - 13, იაპონიიდან - 2, იემენიდან - 125, ისრაელიდან - 396, კამერუნიდან - 4, კანადიდან და ლიტვიდან - 23- 23, ლატვიიდან - 1, მოლდოვადან - 2, ნეპალიდან - 71, პაკისტანიდან - 78, პალესტინიდან - 40, პოლონეთიდან - 14, საბერძნეთიდან - 47, საფრანგეთიდან - 8, სლოვაკეთიდან - 4, სომხეთიდან - 100, სუდანიდან - 81, ტაჯიკეთიდან - 9, უზბეკეთიდან - 24, უკრაინიდან - 145, ყაზახეთიდან - 143, ყირგიზეთიდან - 31, შვედეთიდან - 6, ხოლო ჩინეთიდან - 57.
რაც შეეხება სტუდენტების დაფინანსებას, განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2015-18 წლებში ბაკალავრიატზე ჯამში 150 სტუდენტი დაფინანსდა, ხოლო მაგისტრატურაზე ამავე პერიოდში 41 სტუდენტი. რაც შეეხება დაფინანსებული თანხების ოდენობას, 2015-18 წლებში ჯამში სტუდენტების დაფინანსებაზე 1 068 800 ლარი დაიხარჯა, ხოლო მაგისტრანტების დაფინანსებისთვის ბიუჯეტიდან 160 875 ლარი გამოიყო.
ცნობისთვის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ახორციელებს "საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის სწავლების ხელშეწყობის პროგრამას", რომელიც ყოველწლიურად მთავრობის დადგენილებით მტკიცდება. აღნიშნული პროგრამის მიზანია, საერთაშორისო შეთანხმებებით, ხელშეკრულებებით, პროგრამებით, აგრეთვე მემორანდუმებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში და აღმასრულებელი ხელისუფლების (კერძოდ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს) შესაბამისი უწყების მიერ სამინისტროსთვის დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, დოქტორანტურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის ხელშეწყობა. სწავლის დაფინანსება ხდება პროგრამის საფასურის შესაბამისად, ხოლო სტიპენდიის ოდენობა დამტკიცებულია ბრძანებით ან გაწერილია საერთაშორისო შეთანხმებაში.
მათივე ინფორმაციით, 2015 წლიდან დღემდე, საერთაშორისო შეთანხმებების ფარგლებში ფინანსდებოდნენ/ფინანსდებიან სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები. აღნიშნული შეთანხმებები ეფუძნება ნაცვალგების პრინციპს, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მოქალაქეებს ასევე ეძლევათ შესაძლებლობა ისწავლონ აღნიშნულ ქვეყნებში და ძირითადად მათი მხრიდან შემოთავაზება ბევრად აღემატება ჩვენს შეთავაზებას. მაგალითად, უნგრეთი გვთავაზობს 80 სტიპენდიას, ხოლო საქართველო- 10 ადგილს.
"საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის სწავლების ხელშეწყობის პროგრამის დაზუსტებული გეგმა შეადგენდა: 2015 წელს - 813.000 ლარს (ათვისებული -710.585,57 ლარი), 2016 წელს- 1.011.000 ლარს (ათვისებული 952.754.66 ლარი), 2017 წელს - 937.000 ლარს (ათვისებული 866,474,80 ლარი), 2018 წელს - 1.002.345 ლარს (ათვისებული - 997.591.25). 2019 წელს, დამტკიცებული ბიუჯეტი შეადგენს 1.200.00 ლარს.