პარლამენტი აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვაზე კიდევ ერთხელ მომავალ კვირას იმსჯელებს.
კანონპროექტი, რომელიც რელიგიური, სასწავლო და სამედიცინო დაწესებულებებიდან 200 მეტრში რეკლამირებას კრძალავს, პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო. მას შემდეგ „ოცნების" პოლიტიკური დღის წესრიგი შეცვლილია და პროექტის ერთ-ერთი ინიციატორი ლევან გოგიჩაიშვილი უმრავლესობას გამოეყო. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, უცნობია, ამ რეალობაში დაუჭერს თუ არა მხარს საპარლამენტო უმრავლესობა კანონპროექტს, რომელიც ძალიან აქტუალურია.
აზარტული თამაშების აკრძალვა დღის წესრიგში „ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში უკვე მეორედ დადგა. პირველად ინიციატივა კობა დავითაშვილს ეკუთვნოდა. მაშინ პარლამენტმა პირველი მოსმენით კენჭი უყარა აღნიშნულ ცვლილებას, თუმცა ინიციატივა იქვე გაიყინა, ბოლოს კი მოიხსნა კიდეც. ახალი ინიციატივისა და კანონპროექტის ერთ-ერთი მთავარი ავტორი ლევან გოგიჩაიშვილია, რომელიც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის წესის გამო „ქართულ ოცნებას" გაემიჯნა და უმრავლესობა დატოვა. მომავალ კვირაში ინიციატივის განხილვა კვლავ დაიწყება, უცნობია, მოიპოვებს თუ ვერა ამჯერად უმრავლესობის მიღმა მყოფი გოგიჩაიშვილის პროექტი ნდობას.
„რეზონანსი" მთელი დღის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდა დეპუტატთან დაკავშირებას. კომუნიკაცია ვერ შედგა, თუმცა საჯარო განცხადებისას მან აღნიშნა, რომ პროექტის განხილვას პარლამენტის თავმჯდომარე აფერხებს.
„სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებული კანონპროექტის კენჭისყრა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის „თხოვნით თუ მოთხოვნით" არის გაჩერებული", - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.
„რეკლამის შესახებ" კანონში ცვლილების პროექტით, იკრძალება აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამირება რელიგიურ, საბავშვო, სასწავლო და სამედიცინო დაწესებულებებში, კულტურისა და სპორტის ორგანიზაციებში. განხილვის პირველ ეტაპზე ზემოთ აღნიშნული დაწესებულებებიდან 100 მეტრის რადიუსში იზღუდებდა გარე რეკლამის განთავსება, ახლა კი ეს მანძილი 200 მეტრამდე გაიზარდა.
ასევე, იკრძალება აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის გავრცელება ტელევიზიით, რადიოთი, ინტერნეტითა და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით, გარდა სპონსორობისა. ასეთ შემთხვევაში დასაშვებია მხოლოდ აზარტული და მომგებიანი თამაშების ორგანიზატორი მეწარმე სუბიექტის დასახელებისა და სასაქონლო ნიშნის – ლოგოტიპის გავრცელება. აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვა არ გავრცელდება წამახალისებელი გათამაშების რეკლამაზე, გარდა აზარტული და მომგებიანი თამაშების წამახალისებელი რეკლამისა.
კანონპროექტის მიხედვით, აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის გავრცელების წესის დარღვევა გამოიწვევს რეკლამის განმათავსებლისა და რეკლამის დამკვეთის დაჯარიმებას, თითოეულისა 10 000 ლარის ოდენობით. ამასთანავე, დაჯარიმების საფუძვლების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში შესაბამისი ჯარიმის ოდენობა გაორმაგდება წინა ჯარიმის ოდენობასთან შედარებით ყოველ 1 თვეში.
აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვას მხარს დაუჭერს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე. როგორც მან „რეზონანსს" განუცხადა, პროექტთან დაკავშირებით აქვს მცირე შენიშვნები, თუმცა კანონი აუცილებლად უნდა შევიდეს ძალაში.
„არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, ვისი შემუშავებულია კანონპროექტი – ჩვენი ყოფილი თუ მოქმედი წევრების. ეს ცვლილება საჭიროა ჩვენი საზოგადოების, განსაკუთრებით კი მომავალი თაობისათვის. ზუსტად ისე, როგორც ნარკოტიკული და ფსიქოაქტიური ნივთიერებები, აზარტული თამაშიც იწვევს მიჩვევას და დამოკიდებულებას. კანონს მხარს დავუჭერ, მაქვს რიგი შენიშვნები, მაგალითად, რამდენი მეტრით უნდა იყოს დაშორებული და ა. შ., მაგრამ არსს სრულად ვეთანხმები", - აღნიშნა აკაკი ზოიძემ „რეზონანსთან".
განხილვის დროს მხარდაჭერის იმედი აქვს კანონპროექტის ერთ-ერთ ავტორ ბიძინა გეგიძეს. „ქართული ოცნების" დეპუტატი ამბობს, რომ ყველა საღად მოაზროვნე პარლამენტარისაგან ელის ხმის მიცემას ინიციატივისთვის, რომელიც ახალგაზრდა თაობაში ლუდომანიას შეამცირებს.
„ტექნიკური საკითხია, როდის გავა ინიციატივა განსახილველად, თუმცა ყველა საღად მოაზროვნისაგან ველით მხარდაჭერას კანონპროექტზე, რომელიც აუცილებლად მისაღებია და შეამცირებს აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებას ახალგაზრდა თაობაში, რაც ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა", - უთხრა „რეზონანსს" გეგიძემ.
ლევან გოგიჩაიშვილის ინფორმაციას, რომ განხილვა ირაკლი კობახიძის თხოვნის ან მოთხოვნის საფუძველზე შეჩერდა, არ ადასტურებს ინიციატივის ერთ-ერთი ავტორი, „ოცნების" მოქმედი დეპუტატი ცოტნე ზურაბიანი.
„პირველ რიგში, უნდა ვთქვა, რომ არავითარი ინფორმაცია არ მაქვს, არც მსმენია, რომ ვინმე ლობირებდა პარლამენტში პროექტის განხილვის გადადებას, მით უფრო ირაკლი კობახიძე. რისი თქმაც დანამდვილებით შემიძლია, არის ის, რომ ძალიან საინტერესო პროცესი გველის განხილვისას სხვადასხვა კომიტეტში. რაც შეეხება შედეგს, არავითარი მოლოდინი არ მაქვს. საპარლამენტო ცხოვრების ჩვეულებრივი ნაწილია განხილვა-მოწონება და შენიშვნები, მსგავსი პროცედურებია ამ კანონთან დაკავშირებითაც", - აღნიშნა „რეზონანსთან" ზურაბიანმა.
საკანონმდებლო ცვლილების ავტორები და ინიციატორები არიან დეპუტატები: ლევან გოგიჩაიშვილი, ირაკლი ბერაია, ირაკლი აბუსერიძე, გოგა გულორდავა, ბიძინა გეგიძე და ცოტნე ზურაბიანი, რომლებიც დღეს უკვე სხვადასხვა პოლიტიკურ პლატფორმაზე არიან.
თამარ მუკბანიანი
გაზეთი „რეზონანსი"