ტაქსის ლიცენზიის მქონე მძღოლებს, რომლებიც თანახმა არიან საკუთარ სატრანსპორო საშუალებაზე რეკლამა განათავსონ, ქიმიური წმენდისა და ავტომანქანის ღებვის ვაუჩერის მიღება 5 სერვისცენტრში შეუძლიათ.
ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შპს „ალმას“ იურიდიული სამსახურის უფროსმა ლადო ლომსაძემ განუცხადა. როგორც ლომსაძემ განმარტა, მძღოლებს ვაუჩერების მიღება ყოველდღე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 18:00-მდე შეუძლიათ.
„ვაუჩერის მისაღებად მძღოლებს შეუძლიათ მიმართონ 5 სერვისცენტრს კონკრეტულ მისამართებზე. კერძოდ: ჭავჭავაძის 74 ბ (ს/ს „ვისოლის“ სათაო ოფისი), ისანი, ქ წამებულის გამზირი # 71 ის მოპირდაპირედ („ვისოლის“ ავტოგასამართი სადგური), აღმაშენებლის ხეივანი ახმეტელისა და მიქელაძის ქუჩებს შორის („ვისოლის“ ავტოგასამართი სადგური), მტკვრის მარცხენა სანაპირო დიდუბის ავტოსადურიდან ქსნის ქუჩისკენ მიმავალ გზაზე („ვისოლის“ ავტოგასამართი სადგური), აკაკი ბელიაშვილის #125 (G Energy სერვისცენტრი). პროცესი უკვე დაწყებულია. რაც შეეხება დოკუმენტაციას, მძღოლმა სერვისცენტრში უნდა წარმოადგინოს ტაქსის ლიცენზია - მომსახურების ნებართვა, რომელიც გაცემულია 2018 წლის 11 ოქტომბრამდე; ასევე უნდა იყოს წარმოდგენილი ტექნიკური დათვალიერების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა და მძღოლის პირადობის მოწმობა“, - განაცხადა ლომსაძემ.
მისივე თქმით, მანქანების გადაღებვა ვაუჩერების მიღებიდან 2 თვის განმავლობაში მოხდება.
„ვაუჩერის გაცემის თარიღიდან 2 თვის განმავლობაში მოხდება როგორც ქიმწმენდის, ასევე ღებვის მომსახურების მიღება, თუმცა რამდენ ხანს გაგრძელდება კონკრეტულად ერთი სატრანსპორტო საშუალების გადაღებვის პროცესი, ეს დამოკიდებულია მღებავსა და ტექნიკაზე. ამ ინფორმაციის მოწოდება არ შემიძლია, ეს ალბათ, ინდივიდუალური იქნება“, - განაცხადა ლომსაძემ.
ცნობისთვის, თბილისის მერიის მიერ დაგეგმილი ტაქსის რეფორმის მეორე ტალღა 2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან დაიწყება. ამ პერიოდიდან, დედაქალაქში მოძრავი ყველა ტაქსი თეთრი ფერის უნდა იყოს. მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ალმა“ ტაქსებს მხოლოდ იმ მძღოლებს გადაუღებავს, რომლებიც თანახმა იქნებიან კომპანიის რეკლამა ავტომანქანაზე 2 წლის განმავლობაში განათავსონ. მერიის პირობების თანახმად, ტაქსით მომსახურების გაწევა მხოლოდ 5-კარიან და მარცხენასაჭიან ავტომობილებს ექნებათ, რომლებსაც გავლილი უნდა ჰქონდეს ტაქსის ლიცენზიის მისაღებად რეგისტრაცია და ტექდათვალიერება.