NATO-ს გაერთიანებული საზღვაო სარდლობის მეთაურის, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის უფროსი საზღვაო მრჩევლის, სერ კლაივ ჯონსთოუნის შეფასებით, საქართველოში პირველი ღრმაწყლოვანი პორტის - ანაკლიის მშენებლობა ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერებას, ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარებას შეუწყობს ხელს.
როგორც კლაივ ჯონსთოუნმა „აქცენტთან“ საუბრისას აღნიშნა, ზოგადად, ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა ნებისმიერი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია და „ბრწყინვალეა, რომ საქართველო ინვესტიციას დებს ასეთ პროექტში“.
„ვფიქრობ, ეს ბრწყინვალე, ამბიციური ხედვაა. პორტმა შესაძლოა, ქვეყანას ეკონომიკური სიძლიერე და სტაბილურობა მოუტანოს, რაც მის უსაფრთხოებასაც გააძლიერებს, ხოლო ნებისმიერი რამ, რაც ხელს უწყობს ქვეყნის უსაფრთხოებას, კარგია“, - აღნიშნა მან.