მსოფლიო ტექნოლოგიურ გიგანტებში ახალი ტექნოლოგიური ტრენდი გამოიკვეთა - კეცვადეკრანიანი სმარტფონები, რომლებიც სმარტფონებიდან ტაბლეტებად გადაიქცევიან. თებერვლის ბოლოს ორმა აზიურმა კომპანიამ, პრაქტიკულად, ერთდროულად საკუთარი კონცეპტები Samsung Galaxy Fold და Huawei Mate X წარადგინეს.
ახლა კი Huawei-ის წარმომადგენელი Business Insider-თან საუბრისას აცხადებს, რომ მათმა კომპანიამ მანამდე შექმნა Galaxy Fold-ის მსგავსი პროტოტიპი, თუმცა ის იმდენად ცუდი იყო, რომ მის სერიულ წარმოებაზე უარი თქვეს და ახალზე დაიწყეს მუშაობა.
Huawei Mate X კეცვადი სმარტფონი კონკურენტისგან გამოირჩევა იმით, რომ მას ერთი ეკრანი აქვს, რომელიც იხსნება და იკეცება სმარტფონისა და ტაბლეტის ფორმატებს შორის. Samsung-ის Galaxy Fold კი სხვაგვარადაა მოწყობილი, მისი წინა მხარე სმარტფონის ეკრანია და ასევე აქვს ცალკე დიდი ზომის ეკრანი ტაბლეტის ფუნქციით.
მიუხედავად არსებული კამათისა, თუ რომელი კომპანიის პროდუქტი ჯობია, Forrester-ის ანალიტიკოსი ფრანკ გილეტი აცხადებს, რომ ყველა შემთხვევაში ადამიანების უმეტესობისთვის ეს მოწყობილობები არ იქნება ხელმისაწვდომი, ვინაიდან კონცეპტუალური მოწყობილობების ფასი გადამეტებულად ძვირია, ის 2000 დოლარი ღირს.