ირაკლი ზარქუა თბილისის მერიისთვის 62,8 მლნ ლარის სესხად აღებისთვის თანხმობის მიცემას განმარტავს

საკრებულოს ქონების მართვისა და საბიუჯეტო კომისიის ხელმძღვანელი ირაკლი ზარქუა დედაქალაქის მერიისთვის 62 800 000 ლარის სესხად აღებისთვის თანხმობის მიცემას განმარტავს.

როგორც საკრებულოს დეპუტატი ,,ინტერპრესნიუსთან" საუბარში აცხადებს, აღნიშნული სესხი ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოხმარდება.

„ჩვენ წლის განმავლობაში გარკვეული ინფრასტრუქტურული პროექტები დავაანონსეთ. ამ პროექტების ნაწილი ფინანსდება ცენტრალური ბიუჯეტის ტრანსფერებისგან. იქიდან გამომდინარე, რომ ცენტრალური ბიუჯეტიდან ტრანსფერი უნდა განხორციელდეს მიმდინარე წლის მეორე კვარტლის ბოლოს, შემდეგ უნდა მოხდეს ტენდერების გამოცხადება, ამას დრო სჭირდება და ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაწყება შემოდგომა-ზამთარში გვიწევს. ჩვენ გვინდა ის დრო, რაც გვაქვს, არ დავხარჯოთ, პირიქით ავითვისოთ. სწორედ ამიტომ, როდესაც მერიიდან საკრედიტო ხაზის გახსნის იდეა შემოვიდა, ჩვენ თანხმობა მივეცით. ბიუჯეტი იზრდება 62 მილიონ 800 ათასით და ჯამში იქნება მილიარდ 63 მილიონი. სამუშაოებიც დაიწყება გაზაფხულ-ზაფხულში"- განაცხადა ზარქუამ.

კითხვაზე, ხომ არ მოუწევთ მაღალი პროცენტის გადახდა, ვინაიდან მერიამ თანხა 10%-ში ისესხა, ზარქუა ამბობს, რომ შეიძლება ეს თანხა სრულად არ აითვისონ.

„შეიძლება ნაწილი დავხარჯოთ ან საერთოდ არ დაგვჭირდეს, ისე მოგვისწროს ცენტრალური ბიუჯეტიდან ტრანსფერმა. ამიტომ, აპრიორი იმის თქმა, რომ 6 მილიონი პროცენტში უნდა წავიდეს, არასწორია", - განაცხადა ზარქუამ და იქვე ოპოზიციის ბრალდებებს, რომლებიც ავარიული კორპუსებისთვის თანხების შემცირებას ეხებოდა, სიცრუე უწოდა. მისი თქმით, ავარიულ სახლებზე ის თანხებიც გადანაწილდება, რომლებიც ტენდერებიდან ეკონომიების ხარჯზე რჩება.