მთავრობა სპეციალიზებული (პიკაპი) ტიპის 180 სატრანსპორტო საშუალებას ყიდულობს. ამ მიზნით ტენდერი დღეს გამოცხადდა.
სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 5 მარტს იწყება და 6 მარტს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 12 195 000 ლარია.
როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, ავტომობილების რაოდენობა საორიენტაციო ხასიათისაა და შეიძლება შეიცვალოს 20%-ის ოდენობით.
ამასთან, დოკუმენტაციის თანახმად, შემოთავაზებული ავტომობილები უნდა იყოს: ახალი (ექპლუატაციაში არმყოფი); განბაჟებული; გარბენი უნდა იყოს არაუმეტეს 200კმ.
„ამასთან, სატრანსპორტო საშუალებები ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო; ქარხნული წარმოების (ავტომობილზე არ უნდა იყოს განხორციელებული არაქარხნული ცვლილება (შეკეთება/აღდგენა, გადაკეთება, ნაწილის გამოცვლა და ა.შ.) უნდა იყოს. შემოთავაზებული ავტომობილი უნდა იყოს - მარცხენასაჭიანი და ნაწარმოები უნდა იყოს არაუადრეს 2018 წლისა.
საქონლის ტექნიკურ მახასიათებლებში მითითებულია მინიმალური მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს შემოთავაზებული საქონელი. პრეტენდენტს შეუძლია გაუმჯობესებული მახასიათებლების მქონე საქონლის შემოთავაზება,“- აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.
ამასთან, სატენდერო მოთხოვნების თანახმად, შემოთავაზებული სატრანსპორტო საშუალება შესაძლებელია იყოს ნებისმიერი ფერის, გარდა შავისა.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო ავტომობილების ფერის საკითხი 2018 წლის თებერვალში გააქტიურდა, როდესაც მაშინდელმა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ „დროა, შავი ჯიპების ეპოქა დავასრულოთ, ჩვენ ამ შავ ფერზე უარი უნდა ვთქვათ“.