„მივიღებთ მონოპოლიას, რომელიც ბაზარზე თამაშის წესებს და ფასსაც თავად დაადგენს“ - ბიზნესი მშენებლობის წესების გამკაცრებაზე

„საბოლოოდ, ყველა რეგულაციის ერთობლიობით მივიღებთ მონოპოლიას, იარსებებს მხოლოდ რამდენიმე სამშენებლო კომპანია, რომელიც ბაზარზე ფასსაც და თამაშის წესებსაც თავად დაადგენს“ - ასე აფასებს დეველოპერული კომპანია „ივერონის“ დამფუძნებელი არჩილ ჯაყელი კიდევ ერთ რეგულაციას, რომელიც სამშენებლო ბიზნესს შეეხება და რომელიც გარემოს დაბინძურების პრევენციაზე სამშენებლო ობიექტებისთვის წესების გამკაცრებას გულისხმობს. როგორც ცნობილია, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი პარლამენტის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა მოამზადა.

„ამ რაოდენობის რეგულაციები შემოდის და საშუალო და მცირე ზომის კომპანიები არცერთზე ინფორმირებული არ ვართ. ამ ყველაფერს მედიის საშუალებით არ უნდა ვიგებდეთ. კომპანიები, ვისთანაც კონტაქტი მაქვს, არავინ საქმის კურსში არ არის. ასე ქაოტურად რეგულაციების შემოღება და პოსტფაქტუმ გაგება, არასაწორია. გასაგებია, რომ ეს შეიძლება, მაღალ მიზნებს ემსახურებოდეს, მაგრამ იქნებ, რომელიმე სამშენებლო ასოციაციამ თავის თავზე აიღოს დეველოპერებთან კომუნიკაცია. შეიძლება, წინააღმდეგნი კი არა, უკეთესს ვთავაზობთ, ხომ უნდა იცოდნენ ჩვენი აზრი, რომ უფრო მოქნილი სისტემა მივიღოთ.

თუ სხდომას რომელიღაც 10 კომპანია დაესწრო და იმსჯელეს, ამით არ უნდა წყდებოდეს, ქვეყნისთვის რა არის სასარგებლო. ნებისმიერ რეგულაციაში უამრავი ნიუანსია გასათვალისწინებელი, რაც შემდეგ პრობლემას იწვევს. ასევე იყო საბანკო რეგულაციები, რომელმაც გაყიდვების მიმართულებით კრიზისი შეუქმნა კომპანიებს“,- აცხადებს არჩილ ჯაყელი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას.

რაც შეეხება ამტვერებადი მასალების გამოყენების წესებს, არჩილ ჯაყელი ამბობს, რომ აქაც უამრავი დეტალია გასათვალისწინებელი, რომელი მისთვის უცნობია, როგორ მოგვარდება.

„მაგალითად, დიდ დიღომში, გლდანში, თემქაზე, ვარკეთილში, სადაც ძლიერი ქარებია, ასე მარტივად ვერ მოხდება შეფუთვა, იქ სხვა გამოსავალი იქნება მოსაძიებელი. მე კონკრეტულად არც ვიცი, რაზეა საუბარი. ამიტომაა საჭირო მეტი ინფორმაცია და კომუნიკაცია დეველოპერებთან. კი, ზოგადად გაწერილია, მაგრამ არის უამრავი დეტალი, რომელიც ჩვენ გვაინტერესებს და სინამდვილეში ძალიან მნიშვნელოვანია“,-აცხადებს არჩილ ჯაყელი.

მისი თქმით, მოკლე პერიოდში უამრავი რეგულაციის ამოქმედება, განსაკუთრებით მძიმეა მცირე და საშუალო კომპანიებისთვის, რადგან მათი ბინები ისედაც შედარებით დაბალ ფასად იყიდება, გაძვირებით კი, გაყიდვები საერთოდ განულდება.

„სამშენებლო რეგლამენტი, სახანძრო უსაფრთხოება, უბედურ შემთხვევებზე დაზღვევა, საპენსიო სააგენტოში გადასარიცხი თანხა, საბანკო რეგულაციები, ამასთან, დროში გაწელილი გენგეგმა, ეს ყველაფერი უკვე იმდენად დააწვა ბიზნესს, რომ ბევრი კომპანია უბრალოდ, კრიზისში აღმოჩნდება“,-აცხადებს არჩილ ჯაყელი.

მისი თქმით, ასეთ გარემოში, შედეგად მივიღებთ მონოპოლიას, რომელიც ბაზარზე თამაშის წესებს და ფასსაც თავად დაადგენს.

„ეს ყველაფერი ერთად აღებული უკვე საკმაოდ დიდ ხარჯებს იწვევს, მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ სამშენებლო კომპანიებს ისედაც უჭირთ ბინების გაყიდვა და დაბალ ფასზე მუშაობენ. მე დიდ კომპანიებზე არ ვსაუბრობ, ვისაც თავისი სეგმენტი მუდმივად ჰყავს. ჩვენ შემთხვევაში ფასის გაზრდა არ გამოდის. პრობლემას ხარისხის დაწევის ხარჯზე გავუმკლავდეთ, პირდად მე ამას არ გავაკეთებ. ფასი გავზარდო და საერთოდ აღარ გამეყიდება. ანუ მივდივართ იქამდე, რომ სხვა გამოსავალი მოვძებნოთ. ალბათ, ბევრი ვერ გაუძლებს და უბრალოდ გაკოტრდება. ეს კი ბიზნესისთვის არ არის კარგი. კომპანია უნდა ვითარდებოდეს, უფრო მეტ ადამიანს ასაქმებდეს და ასეთ პრობებში განვითარებაზე ლაპარაკი ზედმეტია. ასე, მივიღებთ მონოპოლიას, იარსებებს მხოლოდ რამდენიმე სამშენებლო კომპანია, რომელიც ბაზარზე ფასსაც და თამაშის წესებსაც თავად დაადგენს, რაც კატეგორიულად მიუღებელია“,-აცხადებს არჩილ ჯაყელი.

საკითხს განსხვავებულად აფასებს „არსის“ გენერალური დირექტორი თორნიკე აბულაძე. როგორც ის „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რეგულაციის შედეგად გაზრდილი ხარჯი უმნიშვნელოა, გარემოსთვის მიყენებული ზიანის შემცირება კი უმნიშვნელოვანესი.

„მე ვფიქრობ, ინიციატივა სწორია. ელემენტარულად, ქვის ჭრის პროცესს, ახლავს ძალიან დიდი მტვერი. ცხადია, ყველა ნორმალური კომპანია ამას უნდა აკეთებდეს სველი მეთოდით. შესაბამისად, აქ შეზღუდვის დაწესება, ძალიან ნორმალურია.

რაც შეეხება ხარჯებს, პირობითად, პროექტი რომ ღირს 5 მილიონი ლარი, მისთვის ხარჯი 500 ლარით მოიმატებს, რაც ძალიან უმნიშვნელოა. აქ უბრალოდ საუბარია, მშენებლობის კულტურაზე და არა გაძვირებაზე. როდესაც კონკრეტული რეგულაცია შემოდის, მუდმივად ისმის კითხვა, ეს ხომ არ გააძვირებს უძრავ ქონებას, მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ გააძვირებს. არა იმიტომ, რომ ჩემთვის როგორც დეველოპერისთვის, ეს მნიშვნელოვანია, არამედ იმიტომ, რომ დედაქალაქის ხელმძღვანელობის პირდაპირი მიზანი უნდა იყოს უძრავი ქონების გაძვირება“,-აცხადებს თორნიკე აბულაძე.

კითხვაზე, მოსახლეობა როგორ შეძლებს მის ყიდვას, თორნიკე აბულაძე ამბობს, რომ ამ მიდგომით, მოხდება კაპიტალიზაცია, რაც ისევ მოსახლეობას და ქვეყნის ეკონომიკას წაადგება.

„ბინები ვის აქვს და ვის არა, პროპორციულად რომ შევადაროთ, ალბათ, 50-ჯერ მეტია იმ მოსახლეობის რაოდენობა, ვისაც აქვს. წარმოიდგინეთ, ბინები თუ გაძვირდა, ეს ნიშნავს, რომ თუ თქვენი ბინა ღირდა 800-900 დოლარი, გახდება 2000 და 2500 დოლარი. ეს არის კაპიტალიზაცია, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში უძრავი ქონების ღირებულება იზრდება. მარტივად რომ ვთქვათ, თქვენ ამით უფრო გამდიდრდებით და გარკვეულწილად, უფრო შედარებითი იქნება ჩვენი ქვეყნის და ევროპის ქვეყნების მოსახლეობის ცხოვრების დონე. იმიტომ, რომ დღეს, ვისაც ჩვენთან კარგი შემოსავალი აქვს, ევროპაში ითვლება ღარიბად. ამიტომ, სასურველია, რომ ჩვენი ქონება და დოვლათი უფრო დავუახლოვოთ ევროპის ქვეყნებისას. ამის მერე ქირა განვითარდება და აშ. ანუ ეს ჩვეულებრივი პროცესია. რაც შეეხება დეველოპერებს, ეს სფერო ჩვენთან მაინც არ დაიკარგება“,-აცხადებს თორნიკე აბულაძე.

ეს პროცესი ხომ არ გამოიწვევს მცირე რესურსის მქონე კომპანიების ბაზრიდან გასვლას, თორნიკე აბულაძე ამბობს, რომ ეს ასეც უნდა იყოს, რადგან არაკვალიფიციური კომპანიები ბევრ დამატებით პრობლემას ქმნიან. მონოპოლია კი იმ ქვეყნის პირობებში, სადაც მხოლოდ დედაქალაქში 400-მდე სამშენებლო კომპანიაა რეგისტრირებული, მაინც არ წარმოიშობა.

„თუ ასეთი კომპანიები თავის გადარჩენას ვერ შეძლებენ, ეს სულაც არ გამოიწვევს მონოპოლიას. დღეს თბილისში ოპერირებს ალბათ, 300-400 სამშენებლო კომპანია. დარჩება 50-60 - ეს მონოპოლია არ არის. ამით მოხდება უფრო კომპეტენტური კომპანიების დარჩენა. იმიტომ, რომ სწორედ ასეთი არაკვალიფიციური კომპანიების გამო უკვე ძალიან ბევრჯერ წავაწყდით პრობლემებს. ოღონდ ეს ხდება არა გააზრებულად, არამედ უბრალოდ არ აქვს შესაბამისი ცოდნა“,-აცხადებს თორნიკე აბულაძე.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ცვლილებების პროექტის მიხედვით, დედაქალაქის ტერიტორიაზე ამტვერებადი მასალის სველი მეთოდის გარეშე დამუშავება (დაჭრა, დაფქვა, დახერხვა, დაქუცმაცება და სხვა.), რომელიც ვერ უზრუნველყოფს მტვერჩახშობას - გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით.

ამასთან, დასჯადი ხდება თბილისში მშენებარე კონსტრუქციის ღია სივრცეებში ამტვერებადი მასალის შეფუთვის გარეშე განთავსება. აღნიშნულის დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.

კანონპროექტი თბილისის საკრებულოს 2019 წლის 1-ელ ივლისამდე ამტვერებადი ნივთის/ნივთიერების განთავსების ან/და რეალიზაციის წესის განსაზღვრას ავალდებულებს. როგორც განმარტებით ბარათშია აღნიშნული, ამ კანონპროექტის მომზადების მიზანი თბილისში ჰაერის დაბინძურების მაღალი მასშტაბები გახდა.

ნინი ქეთელაური