კომპანია „კულას“ რიგით მეხუთე საწარმო ახალციხეში, შემოდგომაზე გაიხსნება და დაახლოებით, 40-მდე ადამიანს დაასაქმებს. როგორც კომპანიის გენერალური დირექტორი ივანე გოგლიძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, სავარაუდოდ, ერთ წელიწადში საწარმო შესაბამის სერტიფიკატს მოიპოვებს და ბიო წვენების დამზადებასაც დაიწყებს, რომელიც „ბიო კულას“ ბრენდის ქვეშ გაიყიდება.
ივანე გოგლიძის თქმით, საწარმოს საინვესტიციო ღირებულება 2 მილიონი ლარია. რაც შეეხება ნედლეულს, კომპანია ახალციხის პროდუქტებს გადაამუშავებს, რომელსაც ადგილობრივი ფერმერებისგან შეიძენს.
„საწარმოს მშენებლობა უკვე დასრულებულია, დარჩენილია მხოლოდ ტექნიკური სამუშაოები. სავარუდოდ, შემოდგომაზე, როდესაც ხილი შემოდის, უკვე ამუშავდება. საწარმოში დასაქმდება დაახლოებით, 40-მდე ადამიანი.
რაც შეეხება ბიო წვენებს, ამ პროცესს გარკვეული პერიოდის განმავლობაში დაკვირვება სჭირდება, რომელსაც ქართველი და უცხოელი ექსპერტები განახორციელებენ. სავარაუდიდ, ერთ წელიწადში ბიო სერტიფიკატსაც მივიღებთ. ანუ, თავიდან ჩვეულებრივი ნატურალური წვენები იწარმოება. ნედლეული იქნება, ახალციხის ალუბალი, ვაშლი, ჟოლო და ა.შ. რომელსაც ადგილობრივი ფერმერებისგან შევიძენთ“,-აცხადებს ივანე გოგლიძე.
რაც შეეხება საწარმოს სიმძლავრეს, „კულას“ გენერალური დირექტორის ინფორმაციით, სეზონზე დღეში 150 ტონამდე ხილი გადამუშავდება.
აღსანიშნავია, რომ კომპანიამ ორი წლის წინ გორის რაიონში 50 ჰექტარზე საკუთარი მეურნეობაც შექმნა, სადაც გაშენებულია ალუბალი, ქლიავი, ვაშლი და ა.შ. როგორც ივანე გოგლიძე აცხადებს, ეს იქნება ბიო წვენებისთვის განკუთვნილი და მისი წარმოებაში გამოყენება სავარაუდოდ, 2-3 წლის შემდეგ დაიწყება, როდესაც ხილი ბიო სერტიფიკატს მიიღებს.
კომპანია კულამ მუშაობა 2009 წელს დაიწყო და „კულას„ სახელით ნატურალური, მათ შორის საბავშვო წვენების გამოშვება დაიწყო. კომპანიის დანარჩენი საწარმოები მდებრარეობს შიდა ქართლისა და გორის რაიონებში.
კომპანია საკუთარ საწარმოებში დღეს 200-მდე სხვადასხვა სახის პროდუქტს: წვენებს, კომპოტებს, ჯემებს, მურაბებს, მარინადს, ჩირს, „ცივ სადილებს“, მათ შორის აჯაფსანდალს, ხორცის კონსერვებს ( ჩაქაფული, ჩაშუშული, ყაურმა) და სხვა პროდუქტებს უშვებს.
კომპანიის გერენალური დირექტორის ინფორმაციით, ყოველწლიურად „კულა“ 7 ათას ტონაზე მეტ ხილს და ბოსტნეულს გადაამუშავებს, რომელთა შორისაა, ალუბალი, მარწყვი, ჟოლო, ბალი, ვაშლი, ფეიხოა, შავი მოცხარი, ფორთოხალი, მანდარინი, ყურძენი, ლეღვი, ატამი, გარგარი, მსხალი, შინდი, ბროწეული, მოცვი, კომში, ქლიავი, ტყემალი, ასკილი, პომიდორი, სტაფილო, კიტრი, ხახვი, ნიორი, მწარე და ტკბილ წიწაკა, ყვავილოვანი კომბოსტო და სხვა.
გასულ წელს კომპანიამ ჩირის და ჩურჩხელის საწარმოებაც დაიწყო. როგორც ივანე გოგლიძე ამბობს, ამ პროდუქტზე მოთხოვნა საკმაოდ დიდია, ამიტომ სანამ შიდა ბაზარზე მიწოდება ბოლომდე არ დაკმაყოფილდება, პროდუქცია ექსპორტზე არ გავა. თუმცა, სამომავლო გეგმებში წარმოების ამ მიმართულებით გაზრდაც შედის.
რაც შეეხება ექსპორტს, ამჟამად კულას ნაწარმის 65% ექსპორტზე მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანაში გადის, მათ შორის, ევროპისა და დსთ-ს ქვეყნებში. ივანე გოგლიძის თქმით, მალე კომპანია ლონდონის გამოფენაშიც მიიღებს მონაწილობას, სადაც ასევე გაიტანს საკუთარ პროდუქციას.
„ახლა უკვე ჩვენი მიზანია პროდუქციის სტაბილური მიწოდება, რადგან ყოველთვის წლიდან წლამდე გვაკლია პროდუქცია, მოთხოვნას ბოლომდე ვერ ვაკმაყოფილებთ“,-აცხადებს ივანე გოგლიძე.