Huawei-მ გადაწყვიტა, რომ ამერიკელებში საკუთარი იმიჯი განსხვავებული გზით აღიდგინოს. კამპანია სახელწოდებით - Don't believe everything you hear." (ნუ დაიჯერებ ყველაფერს, რაც გესმის) წერილობით ვრცელდება.
ღია წერილში, რომელშიც კომპანიის ამერიკის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი კეტრინ ჩენი ამერიკულ მედიას ეპატიჟება, წერია, რომ ისინი იმ „გაუგებრობაში“ სიცხადის შეტანას შეეცდებიან, რომელიც აშშ-ს მთავრობამ შექმნა.
შეგახსენებთ, ამერიკის ხელისუფლებამ კომპანია მისი ეროვნული ინტერესებისთვის ზიანის მიყენებაში დაადანაშაულა.
„ზოგიერთი მთავრობები იქცევიან ასე, გვაყენებენ თავის მართლების რეჟიმში, მე გწერთ თქვენ იმედით, რომ ჩვენ გავუგებთ ერთმანეთს. ბოლო წლებში ამერიკის ხელისუფლებამ ჩვენზე არასწორი წარმოდგენის შექმნას შეუწყო ხელი. ნუ დაიჯერებთ ყველაფერს, რაც გესმით, მოდით და გვნახეთ. იმედია შევხვდებით ერთმანეთს“, - წერია კეტრინ ჩენის მოსაწვევში, რომელიც ამერიკელ ჟურნალისტებს დაეგზავნათ.
აღნიშნული სარეკლამო მოსაწვევი ტვიტერზე Wall Street Journal-ის რეპორტიორმა გამოაქვეყნა.
ცნობისათვის, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა Huawei ცდილობს შეცვალოს მისი იმიჯი დასავლეთში. კომპანიამ ახალ ზელანდიაში საკუთარი საიმიჯო სარეკლამო ბუკლეტები ადგილობრივ გაზეთებსა და ბილბორდებზე გაავრცელა გზავნილით „5G Huawei-ის გარეშე იგივეა, რაც რაგბი ახალი ზელანდიის გარეშე“ .