„ფულის გათეთრებას და საეჭვო ტრანზაქციებს ედავებოდა პროკურატურა და ეროვნული ბანკი ქართუ ბანკს 2011 წელს,“- ამის შესახებ იურისტი ლევან ალაფიშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.
„ბიზნესპრესნიუსი“ მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„ფულის გათეთრებას და საეჭვო ტრანზაქციებს ედავებოდა პროკურატურა და ეროვნული ბანკი „ქართუ ბანკს“ 2011 წელს. ფულის გათეთრებასა და საეჭვო ტრანზქციებს ედავება პროკურატურა და ეროვნული ბანკი „თიბისი ბანკს“ 2018 წელს.
„ქართუ ბანკის“ მაშინდელი ადვოკატი დღეს თავად არის მთავარი პროკურორი. 2011 წლის საქმეზე „ქართუ ბანკის“ მიმართ გამოძიება დაიხურა და ფულიც დაუბრუნეს. „თიბისი ბანკის“ მიმართ ეროვნულმა ბანკმა სასჯელებიც გამოიყენა და გამოძიებაც მიდის.
ამ ისტორიაში მომავალი, ანაკლიის პროექტი უნდა დავიცვათ. მოვითხოვოთ და ვაქციოთ სახალხო პროექტად,“-წერს ალაფიშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე.
მეტიც, იურისტმა 2012 წლის „აიპიენის“ მასალაც გამოაქვეყნა, სადაც სწორედ „ქართუს“ მიმართ ფულის გათეთრების ბრალდებაზეა საუბარი.
„ბიზნესპრესნიუსი“ 2012 წელს გამოქვეყნებულ მასალასაც გთავაზობთ:
„ქართუ ბანკის" თანამშრომლების დაკავებასთან და ფულის გათეთერების ბრალდებით სისხლის სამართლის საქმის აღძვრასთან დაკავშირებით, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატები გამოძიებას ითხოვენ.
როგორც "თბილისი მარიოტში" დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ერთ-ერთმა ადვოკატმა, შალვა თადუმაძემ განაცხადა, 18 ოქტომბრის ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, უნდა მოხდეს მომხდარის გამოძიება და ყველა დამნაშავე დაისაჯოს. ადვოკატის განცხადებით, 18 ოქტომბერს უკანონოდ დააკავეს "ქართუ ბანკის" თანამშრომლები და ასევე უკანონოდ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ფულის გათეთრების ბრალდებით.
მისი განმარტებით, ფულის გათეთრების მუხლით სისხლის სამართლის საქმის აღძვრას წინ კონკრეტული ბრალდებები უნდა უძღვოდეს. თადუმაძის განმარტებით, ფულის კანონიერი წარმომავლობის დამადასტურებელი დოკუმენტები არსებობს და საქმის აღძვრა ყოველგვარ საფუძველს იყო მოკლებული.
თადუმაძემ აღნიშნა, რომ მიმართეს თბილისის პროკურატურას და ითხოვენ, დაიწყოს გამოძიება და დაისაჯოს ყველა ის პირი, რომლებმაც აღძრეს სისხლის სამართლის საქმე აღნიშნული ბრალდებით, ჩაატარეს უკანონო ჩხრეკა და უკანონოდვე დაკავეს "ბანკი ქართუს" თანამშრომლები“,-წერდა ipn.ge 2012 წელს.