ანაკლიისა და ფოთის პორტის საკითხზე შესაძლოა, საკომიტეტო მოსმენა გაიმართოს.
ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ბოლო პერიოდში გააქტიურდა ფოტის პორტში ნავმისადგომის გაღრმაწყლოვანების თემა, არადა ღრმაწყლოვან პორტს თუ ანაკლიაში ვაშენებთ, რამდენად რენტაბელური იქნება ორი საზღვაო სატრანსპორტო დერეფნის შექმნა და ერთი მეორეს მნიშვნელობას ხომ არ შეუშლის ხელს? ხომ არ უნდა ვიფიქროთ, რომ ეს ორი პორტი უკვე პოტენციურ კონკურენტებად იქცნენ და ის, რაც ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ხდება, შესაძლოა სწორედ ამას უკავშირდება?
„ძალიან ლეგიტიმური შეკითხვაა და ამ საკითხს საკომიტეტო მოსმენა მინდა მივუძღვნა, რადგან ყველა ამ შეკითხვაზე პასუხი მეც არ მაქვს. ანაკლიის პორტზე საუბრისას ერთხელ ვთქვი უკვე, რომ ამ პორტის მთავარი გამოწვევა მისი კონკურენტუნარიანობაა და ისე გამიგეს, თითქოს ამ საკითხს ეჭვქვეშ ვაყენებდი. ეს ისეთი საკითხია, რომელიც წლიდან წლამდე იცვლება. ოდესღაც რომ ვიღაცამ დათვალა ანაკლიის პორტის კონკურენტუნარიანობა, მაშინ შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები ასეთ რანგში არ იყო აყვანილი, როგორც დღეს და არც ის განცხადება არსებობდა, რომელიც რამდენიმე დღის წინ კარასინმა გააკეთა საქართველოსთან მიმართებაში. ეს ყველაფერი კი ამ პორტის კონკურენტუნარიანობაზე მოქმედებს და ეს არის ჩვენი მთავარი გამოწვევა ანაკლიის პორტთან მიმართებაში და არა ის, რომ მთავრობას მისი განხორციელების სურვილი არ აქვს,“- აღნიშნა კაკულიამ.