2019 წლის იანვარში ქვეყნიდან 250 861 საქართველოს მოქალაქე გავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ამასთან, უწყების ცნობით, იანვარში საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონის ქვეყნებიდან ყველაზე ხშირად გერმანიაში მიემგზავრებოდნენ. კერძოდ, იანვარში გერმანიაში საქართველოს მოქალაქეთა გასვლების რაოდენობა 7 449 იყო. მას მოსდევს იტალია, სადაც - 4 172 გამგზავრება ფიქსირდება; მე-3 ადგილზე კი - 3 336 გასვლით პოლონეთია. რაც შეეხება ქვეყნების ტოპ-სამეულს, სადაც იანვარში საქართველოდან ყველაზე იშვიათად მიემგზავრებოდნენ, ასე გამოიყურება: ისლანდია - 1 გამგზავრება; სლოვენია - 3 და სლოვაკეთი - 4 გამგზავრება.
შს სამინისტროს სტატისტიკა საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციაზეც მოიცავს ინფორმაციას. კერძოდ, საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი - 107 პირი თურქეთიდან გამოადეპორტეს. მას მოსდევს ისრაელი - 82 საქართველოს მოქალაქით; მე-3 ადგილზეა - გერმანია, საიდანაც იანვარში 65 პირი გამოადეპორტეს; მე-4 ადგილს კი საფრანგეთი იკავებს - საიდანაც 26 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა.
საქართველოს მოქალაქეთა დეპორტაციის მიხედვით, ქვეყნების ათეულში არიან ასევე: იტალია - 9; ბელგია, შვეიცარია და რუსეთი - 7-7-7 მოქალაქე; ათეულში ბოლო ადგილებს ავსტრია და საფრანგეთი იკავებენ, საიდანაც 6-6 საქართველოს მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა.