„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მოწვევით საქართველოში პნომპენის სპეციალური ეკონომიკური ზონის PLC-ის აღმასრულებელი დირექტორი ჰიროში იემაცუ და წამყვანი იაპონური კომპანიის Nippon Koei-ის წარმომადგენელი ტედი მასანორი ჩამოვიდნენ.
ისინი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელს მამუკა ხაზარაძესა და „ანაკლია სითის“ აღმასრულებელ დირექტორს ქეთი ბოჭორიშვილს შეხვდნენ. ჰიროში იემაცუ და ტედი მასანორი ანაკლიას ეწვევიან, პორტისა და სპეციალური ეკონომიკური ზონის ტერიტორიას მოინახულებენ და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრებენ.
როგორც ცნობილია, გასულ კვირას ანაკლიის პორტის დამფუძნებლები კამბოჯაში პნომპენის სპეციალურ ეკონომიკურ ზონას ეწვივნენ და მნიშვნელოვანი შეხვედრები გამათეს.
იაპონური კომპანიების წარმომადგენლების საქართველოში საპასუხო ვიზიტის მიზანი ანაკლიის პორტის პროექტთან თანამშრომლობა და ანაკლიაში იაპონური კომპანიების მოზიდვაა.
PLC- ი პნომპენის სპეციალური ეკონომიკური ზონის ფლაგმანია, რომლის ოპერირებაც 2008 წელს დაიწყო და მასში წამყვანი კამბოჯური და იაპონური ორგანიზაციები არიან გაერთიანებულნი. 400 ჰექტარზე განთავსებული ეკონომიკური ზონა დღეისთვის აშშ-ს, იაპონიის , სინგაპურის, ტაილანდის, ავსტრალიის, კორეისა და სხვა 14 ქვეყნის 95 კომპანია მუშაობს. ზონის განვითარებაში 600 მილიონის ინვესტიცაა ჩადებული და 19 000-ზე მეტი ადგილობრივია დასაქმებული. ზონის კლიენტებს შორისაა ისეთი კომპანიები, როგორებიცაა Coca Cola, Denso, Toyota, Nippon Express, Yusen Logistics, Meikodo, American Licorice, Yamaha Motors, Ajinomoto და სხვა.
2016 წლიდან PLC დარეგისტრირებულია კამბოჯის ფასიანი ქაღალდების ბირჟაზე (CSX), მის მენეჯმენტში იაპონური კომპანიაა ჩართული, ხოლო აქციონრები ადგილობრივი და საერთაშორისო ინვესტორები არიან. ამჟამად, PLC-ის ამბიციურ გეგმებში არსებული ზონების გაფართოება, ახალი პროექტების განხორციელება და სხვა საერთაშორისო ბიზნესთან ინტეგრირება შედის.