ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?

ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს? - ამის შესახებ ვრცელ სტატიას სომხური მედია Lragir.am წერს.„ბიზნესპრესნიუსი“ სტატიის შემოკლებულ ვერსიას გთავაზობთ:

ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან შეხვედრისას, მხარეებმა საქართველოში ირანული გაზის მიწოდების საკითხზე იმსჯელეს. ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ ამ თვალსაზრისით სომხეთი შეიძლება გაზის სატრანზიტო ქვეყანა გახდეს.

ირანის მხრიდან ეს პირველი განცხადება არაა სომხეთისათვის მეტი გაზის მიწოდების თაობაზე. თეირანს ადრეც არაერთხელ გამოუხატავს სურვილი, მაგალითად, 2016 წლის აგვისტოში, როცა სომხეთის პრემიერ-მინისტრი ოვიკ აბრამიანი იყო. იმ დროს სახელმწიფო კომპანიაც კი შეიქმნა - „ენერგოიმპექსი“, რომელსაც უფლება მიეცა გაზი ერთ ქვეყანაში ეყიდა და მეორეში გაეყიდა. მაგრამ მალე ოვიკ აბრამიანი გადადგა და ახალი პრემიერი (მეტსახელად - „გაზპრომელი“) კარენ კარაპეტიანი დაინიშნა.

2016 წლის ნოემბერში ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე აიკ არუთინიანი (სხვათა შორის, პრემიერ-მინისტრის სიძე!) ირანს ეწვია ბუნებრივი გაზის ყიდვა-გაყიდვის შეთანხმებაზე ხელმოსაწერად, მაგრამ პროცესი გაიყინა. მანამდე ირანი აცხადებდა, რომ ერთ-ერთ ქართულ კომპანიასთან მოლაპარაკება მიმდინარეობსო საქართველოში გაზის მისაწოდებლად, სომხეთის ტერიტორიის გავლით და სანამ ეს მოლაპარაკება არ დასრულდება, მანამ სომხეთთან შეთანხმება ვერ დაიდებოდა. მოლაპარაკება წარუმატებლად დასრულდა: ალბათ იმიტომ, რომ სამმხრივ ფორმატში მეოთხეც ჩაერთო - „გაზპრომი“.

საერთოდ, ირანს შეუძლია საქართველოს გაზი სომხეთის გავლით მიაწოდოს, მაგრამ მხოლოდ ე.წ. „სვოპური“ სქემით ანუ გაცვლით, მესამე მხარის მონაწილეობით. პრაქტიკაში ეს იმას ნიშნავს, რომ ირანი გარკვეული რაოდენობის გაზს სომხეთს მიაწვდის, რუსეთი კი იმდენივეს - საქართველოს. მოკლედ რუსული „გაზპრომის“ გარეშე არაფერი გამოვა, რადგან სწორედ ის აკონტროლებს სომხეთის გაზგამანაწილებელ სისტემას.

მაშ რატომ ვერ მოხერხდა 2016 წელს ჩანაფიქრის განხორციელება საქართველოსკენ გაზის ტრანზიტის საკითხში? ვის არ მოეწონა შეთანხმების პირობები?

აქვე შევნიშნავთ, რომ დღეს სომხეთის სახელმწიფო მეზობლებთან ურთიერთობებში უფრო სუვერენულად გამოდის, ვიდრე ადრე გამოდიოდა, ანუ ერევანი თავის ინტერესებს უფრო მეტად იცავს. ეს ეხება საქართველოს მიმართულებით გაზის ტრანზიტის საკითხებსაც: იზრდება თბილისის შანსები ირანიდან გაზის მიღების საკითხში.

2016 წლიდან საქართველოშიც „ბევრმა წყალმა ჩაიარა“: შეიცვალა მთავრობა, ჩატარდა არჩევნები... დღეს ჩვენს მეზობელს ბუნებრივი გაზის 90%-ს აზერბაიჯანული „სოკარი“ აწვდის, რომელმაც ამას წინათ ტარიფი გაზარდა (ჯერჯერობით კომპანიებისათვის და არა მოსახლეობისათვის), მაგრამ თბილისმა მაინც დაიწყო მოლაპარაკება „გაზპრომ“-თან გაზის შესყიდვის თაობაზე, დივერსიფიცირების მიზნით. და ამ დროს სომხეთის პრემიერის ირანში ვიზიტის შედეგად თეირანის პოზიცია გამოჩნდა. რამდენად შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს აზერბაიჯანის წინააღმდეგ მიმართულ „ორმაგ კომბინაციას“ წარმოადგენს? ცხადია, ყოველ მხარეს თავისი სტრატეგიული ინტერესები და წარმოდგენები აქვს, მაგრამ ურთიერთშეხების წერტილების მოძებნა მაინც შეიძლება. მით უმეტეს, რომ ირანის პრეზიდენტმა მზადყოფნა გამოხატა მეტი გაზის მოწოდებაზე, სომხეთის პრემიერმა კი - ურთიერთმისაღები ფასების დადგენაზე. როგორც ჩანს, ირანთან მოლაპარაკებით სომხეთის პოზიციები ძლიერდება „გაზპრომ“-ის მონოპოლიის პირობებში.

რაც შეეხება გაზის მიწოდების შესაძლებლობას საქართველოსათვის, ეს საკითხი ჯერ ბოლომდე გარკვეული არ არის - საქმე ეხება არსებული მილებით ტრანზიტს თუ ახალი მილსადენის მშენებლობას? და ბოლოს - საინტერესოა თვითონ საქართველოს პოზიციაც.

ვესაუბრებით პოლიტოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატს, დოცენტ ვაგე დავთიანს:

- ირანში ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტის დროს რამდენიმე მნიშვნელოვანი განცხადება გაჟღერდა, კერძოდ - სომხეთის მზადყოფნა გახდეს გაზის სატრანზიტო ქვეყანა ირანული გაზისათვის. თქვენი აზრით, რამდენად რეალურია ეს პერსპექტივა?

- ბუნებრივი გაზის ტრანზიტის საკითხი სომხეთ-ირანის ურთიერთობების დღის წესრიგში პირველად არ ისმება. ამაზე ჯერ კიდევ 1990-იან წლებში დაიწყო ლაპარაკი. პროექტის კონკრეტული კონტურები კი 2015-16 წლებში გამოიკვეთა, როცა ხელი მოეწერა სამმხრივ (ირან-სომხეთ-საქართველოს) პილოტურ შეთანხმებას გაზის „სვოპური“ მიწოდების თაობაზე. რატომ „სვოპური“ პრინციპით? იმიტომ, რომ ჯერ ერთი - სომხეთ-ირანის გაზსადენს მცირე წარმადობა აქვს, ნაკლებ გაზს ატარებს და მეორე - სომხეთის გაზგგამანაწილებელ სისტემას, საქართველოს უზრუნველყოფის მიზნით, ირანული გაზის ტრანზიტის უზრუნველყოფა არ შეუძლია. ამიტომაც დადგინდა გაზის „სვოპური“ პრინციპით მიწოდება. თუმცა შეთანხმების პირობების რეალიზება არ მომხდარა: მოგვიანებით ოფიციალურმა თბილისმა განცხადება გააკეთა, რომ აზერბაიჯანული გაზი საკმარისია და რომ საქართველოს ალტერნატიული გაზი არ სჭირდებაო. დღეს სიტუაცია შეიცვალა - „სოკარმა“ ტარიფები მოამატა და ქართულ ბაზარზე ალტერნატიული გაზის მიწოდების შესაძლებლობა იქმნება.

ცხადია, ამისათვის მოსკოვთან კონსულტაციები აუცილებელია, რადგან სომხეთის გაზის ინფრასტრუქტურა „გაზპრომის“ ხელშია და დამატებითი გაზის გატარებისათვის ირან-სომხეთის მილსადენის დაბალი მარგი ქმედების კოეფიციენტის მომატებაზე ფიქრია საჭირო.

- რამდენად არის საქართველო დაინტერესებული ამგვარი პროექტით?

- როგორც ცნობილია, 2018 წლის შემოდგომაზე აშშ ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ ხელშეკრულებიდან გავიდა და თეირანს ეკონომიკური სანქციები გამოუცხადა. სანქციების პაკეტი ირანის ენერგეტიკული პროგრამების წინააღმდეგაც არის მიმართული. ისიც ვიცით, რომ საქართველო კავკასიის რეგიონში აშშ-ის გეოპოლიტიკურ მოკავშირეს და ვაშინგტონის ინტერესების პროვაიდერს წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, ირანის წინააღმდეგ მიმართულმა აშშ-ის სანქციების ფაქტორმა შეიძლება საქართველოს გეგმებზე შემაკავებელი როლი შეასრულოს. საერთოდ კი, სუფთა ეკონომიკური თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, საქართველო დაინტერესებულია დამატებითი გაზის მიღებაში (და არა მარტო ირანიდან), რათა აზერბაიჯანულ გაზზე დამოკიდებულების დონე შეამციროს და „ცისფერი საწვავით“ უზრუნველყოფის დივერსიფიცირება მოახდინოს.

საქართველომ ბოლო წლებში დივერსიფიკაციის რესურსები დაკარგა და ამიტომ „სოკარმა“ ოდნავადაც რომ გაზარდოს ტარიფები, ამით შეიძლება საქართველოს ეკონომიკა სერიოზულ კოლაფსში ჩავარდეს.

- და მაინც, რატომ არ განხორციელდა 2016 წელს ირანული გაზის ტრანზიტი?

- პროცესი საქართველომ შეწყვიტა - იმის მიუხედავად, რომ თბილისს ხელი ჰქონდა მოწერილი და რომ სომხეთში უკვე შექმნილი იყო სპეციალური სახელმწიფო სააქციო საზოგადოება, რომელიც გაზის ტრანზიტით იქნებოდა დაკავებული. სულ ბოლო მომენტში კახა კალაძემ, რომელიც იმ დროს ენერგეტიკის მინისტრი იყო, განაცხადა, რომ საქართველოს აზერბაიჯანული გაზიც ეყოფაო. შეიძლება ითქვას, რომ საბაზო მიზეზი გახდა აზერბაიჯანის მიერ შეთავაზებული კომფორტული ტარიფი, მეორე კი - რუსეთის ფაქტორი.

მოამზადა - სიმონ კილაძემ