ჩვენ არა მხოლოდ დავიცავით კიბერშეტევისგან ბანკი, არამედ დავიჭირეთ ეს სიგნალი და მივაგენით მისამართს, კომპიუტერებს და ოთახს, - ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც ივლისის თვეში ბანკზე განხორციელებულ კიბერ შეტევაზე ისაუბრა.
„საეჭვოდ დაემთხვა 4 უწყების შემოსვლას „თიბისი ბანკზე“ ივლისის თვეში განხორციელებული კიბერ შეტევა. მინდა გითხრათ, რომ „თიბისი ბანკი“ გამოირჩევა მაღალტექნოლოგიური ინოვაციებით და ჩვენ ბანკში 400 უნიჭიერესი ახალგაზრდა მუშაობს, რომელიც მარტო ფოკუსირებულია საინფორმაციო უსაფრთხოებაზე, უზრუნველყოფასა და ახალი პროდუქტების შექმნაზე. ჩვენ არა მხოლოდ დავიცავით ბანკი ამ კიბერშეტევისაგან და არა მხოლოდ დავიჭირეთ ეს სიგნალი, არამედ მივაგენით მისამართს, კომპიუტერებს, ოთახს“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
მისივე თქმით, აღნიშნულის შესახებ მან დეტალური ინფორმაცია მიაწოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს.
„ამის მერე ხუთი წერილი მივწერე შს მინისტრს კითხვით, თუ სად დგას გამოძიება და ერთი კვირის წინ, მივიღეთ ვიღაც გამომძიებლის პასუხი, რომ თურმე კომპიუტერი ამოღებულია და წაღებულია ექსპერტიზაზე. კიდევ ვიმეორებთ, ჩვენ ვიცით მისამართი, ოთახი და ვინ ზის ამ კომპიუტერებთან. ეს არის თბილისში, ცენტრალურ გამზირზე, ეს არის სავარაუდოდ ის ოფისები, საიდანაც ე.წ. ბოტები და ფაბრიკები იმართება. სავარაუდოდ, აქედანვე იმართება და მოდის ის დიდი შეტევა სოციალურ მედიაში, რომელიც ჩვენს მიმართ განხორციელდა“, - განაცხადა ხაზარაძემ.