ეკონომიკის სამინისტრო ავტომანქანების ტექნიკურ ინსპექტირებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავტომანქანების ტექნიკურ ინსპექტირებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

სამინისტროს ინფორმაციით, M1 კატეგორიის ელექტროძრავით აღჭურვილი ავტომობილების ინსპექტირებისთვის დადგენილი საფასური 20 პროცენტით მცირდება. აღნიშნული ცვლილება ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექინსპექტირების რეგლამენტში შევიდა.

ახალი რეგლამენტის ამოქმედების შემდეგ, ტექინსპექტირების საფასური ასეთი კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის მხოლოდ 48 ლარი იქნება. რეგლამენტის თანახმად, M1 კატეგორიისაა ავტოტრანსპორტი, რომელსაც მძღოლის გარდა, არაუმეტეს 8 დასაჯდომი ადგილი აქვს.

პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმა საქართველოში 2018 წლიდან დაიწყო, რომელიც 4 ეტაპად მიმდინარეობს.

ამასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეგლამენტში შესული ცვლილების თანახმად, განმეორებითი ინსპექტირებისას ავტოსატრანსპორტო საშუალების ვიზუალური შემოწმებაც განხორციელდება. კერძოდ, საუბარია ავტომობილის ფარის, ბამპერის, საბურავის, საქარე მინის, გამონაბოლქვი აირების მოჭარბებული კვამლიანობის, ძარისა და ძარის სხვა ელემენტების გარეგნულ დათვალიერებაზე.

გარდა ამისა, ცვლილების თანახმად, M2 და M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების (სამარშრუტო ტაქსები და ავტობუსები) შემთხვევაში, დამატებით შემოწმდება ავარიული გასასვლელებიც.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ინსპექტირების ახალი პერიოდულობა ტაქსებსაც შეეხებათ, რომლებიც პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას ავტომობილის გამოშვებიდან ერთი წლის შემდეგ გაივლიან, ხოლო ყოველ მომდევნო ტექინსპექტირებას ექვს თვეში ერთხელ გაივლიან.

„ამით ცვლილება შევიდა ტექინსპექტირების რეგლამენტში, რომლითაც ტაქსების ტექინსპექტირება წელიწადში ერთხელ უნდა განხორციელებულიყო.

რეგლამენტში შესული სიახლე ასევე შეეხო შემდეგ ვალდებულებებს:

იდენტიფიკაციის მიზნით სატრანსპორტო საშუალების ფერის დადგენის ვალდებულებას;

მესაკუთრის ვალდებულებას - სატრანსპორტო საშუალების ფერის შეცვლის შემთხვევაში მიმართოს მარეგისტრირებელ ორგანოს;

მინების დამუქების ინსპექტირების ვალდებულებას“, - ნათქვამია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმა საქართველოში 2018 წლიდან დაიწყო, რომელიც ოთხ ეტაპად მიმდინარეობს.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირების რეგლამენტში შესული ცვლილებების მიხედვით, 2020 წლის პირველ იანვრამდე ავტოსატრანსპორტო საშუალების საქარე მინაზე, მინამწმენდის (ნაკენჭურის) მოქმედების არეში დაშვებული იქნება სამი წერტილოვანი დაზიანების არსებობა, თუკი მისი დიამეტრი 5 მმ-ს არ აღემატება. ამავე დროს, ცვლილების თანახმად, 2020 წლის პირველი იანვრიდან ავტოსატრანსპორტო საშუალების საქარე მინაზე მინამწმენდის მოქმედების არესა და სარკეებზე დაუშვებელი იქნება როგორც ბზარების, ასევე ლაქების არსებობა.

ამასთან, ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ტექინსპექტირების რეგლამენტში შესული ცვლილებით, გამკაცრდება ავტოსატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვის კონტროლი და არსებულ რეგულაციას გამონაბოლქვის მოჭარბებული კვამლიანობის კონტროლის კომპონენტი დაემატა.

„აღნიშნული ცვლილება შეიტანა საქართველოს მთავრობამ ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირების რეგლამენტში.

ცვლილების თანახმად, ბენზინის ძრავიანი სატრანსპორტო საშუალება დახარვეზდება, თუკი ვიზუალური შემოწმებისას მოჭარბებული კვამლის შეფერილობა იქნება შავი, ნაცრისფერი ან/და ლურჯი.

ანალოგიურად შემოწმდება დიზელის ძრავიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებებიც“, - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმა საქართველოში 2018 წლიდან დაიწყო, რომელიც 4 ეტაპად მიმდინარეობს.