სამშენებლო ბიზნესში ახალი რეგულაციები შემოდის

სახელმწიფო ბიზნესს რეგულაციებს მშენებლობისა და პროექტირების ნაწილში დაუწესებს

სივრცითი მოწყობის და მშენებლობის კოდექსის საჯარო განხილვა გასულ კვირას დასრულდა.

კოდექსზე მუშაობა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში თითქმის ერთი წლის განმავლობაში გრძელდებოდა. მთავრობასა და პარლამენტს სამშენებლო კოდექსი განსახილველად შემოდგომისთვის გადაეგზავნება.

ცნობილი ხდება, რომ სახელმწიფო ბიზნესს რეგულაციებს მშენებლობისა და პროექტირების ნაწილში დაუწესებს, რასაც აქამდე კანონი არ არეგულირებდა. მშენებლობის კოდექსის ფარგლებში შემოდის სიახლე, რომლის მიხედვითაც, სამშენებლო მოედანზე, მშენებლობის პროცესში სავალდებულო ხდება ტექნიკური ზედამხედველობა, რომელიც მესამე პირმა უნდა განახორციელოს. ამისთვის ცალკე კომპანიები შეიქმნება, რომლებიც ზედამხედველობას გაუწევენ შენობა-ნაგებობების მშენებლობის პროცესს.

კოდექსში ნათქვამია, რომ სამშენებლო მოედანზე აუციელებელია იმყოფებოდეს, როგორც უსაფრთხოების ოფიცერი, ასევე ტექნიკური ზედამხედველი, რომელიც მშენებლობის ხარისხს გააკონტროლებს. აქამდე მსგავსი რეგულაციის დაწესება სამშენებლო კომპანიების კეთილ ნებაზე იყო დამოკიდებული. ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის, დავით გიგინეიშვილის თქმით, მართალია ამით დამატებითი რეგულაცია შემოდის სამშენებლო სექტორისთვის, მაგრამ მშენებლობის პროცესში უსაფრთხოების მონიტორინგი და მშენებლობის ხარისხის კონტროლი, საბოლოოდ მომხმარებლის უსაფრთხოებაზეა გათვლილი.

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ გადაცემა : ”საქმე”