შერთებული შტატები და ჩინეთი ხელშეკრულების გაფორმებასთან ახლოს არიან. შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, პირველ ეტაპზე, აშშ ტარიფების ნაწილს ძველ დონეზე დააბრუნებს, ჩინეთი კი ეკონომიკაში სტრუქტურულ ცვლილებებს განახორციელებს და ამერიკული პროდუქციის ნაწილზე, ტარიფებს ძველ დონეზე დააბრუნებს.
„უოლ სტრიტ ჯურნალი“ წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპენს შორის შეთანხმების ხელმოწერა იმ სამიტზეა მოსალოდნელი, რომელიც სავარაუდოდ, 27 მარტს გაიმართება.
რვათვიანი სავაჭრო ომის განმავლობაში, შეერთებულმა შტატებმა 250 მილიარდი დოლარის ღირებულების ჩინურ პროდუქციაზე გაზარდეს ტარიფები, რის პასუხადაც, ჩინეთმა გაზრდილი ტარიფები, 110 მილიარდი დოლარის ამერიკულ პროდუქციაზე შემოიღო. მსოფლიოს ორ უდიდეს ეკონომიკას შორის სავაჭრო ურთიერთობათა უკიდურესად დაძაბვამ, ფინანსური ბაზრები შეარყია, მოშალა მრეწველობაში ჩამოყალიბებული მომარაგების არხები და მკვეთრად შეამცირა აშშ-ის სასოფლო პროდუქციის ექსპორტი.
ტრამპის ადმინისტრაციის ოფიციალური პირები ვარაუდობენ, რომ ორი პრეზიდნტის შეხვედრა უახლოეს მომავალში, ტრამპის ფლორიდულ მამულშია მოსალოდნელი. იგივე წყარო კონკრეტულ თარიღს არ ასახელებს, თუმცა იტყობინება, რომ ჩინური მხარე, 20 მარტიდან დაახლოებით ათდღიან პაუზას ითხოვს სამიტის გამართვამდე.
ორ ქვეყანას ჯერაც ბევრი რამ შესათანხმებელი აქვს. მათ შორის, ჩინეთის მხრიდან, ვალდებულებათა შესრულების კონტროლის მექანიზმი. ამ ვალდებულებათა შორის, ამერიკული ინტელექტუალური საკუთრების დაცვა, ახალი ტექნოლოგიების ძალდატანებითი გადაცემის აღკვეთა და სამრეწველო სფეროში სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდიების შემცირებაა.
სხვა წყაროს ინფორმაციით, ვაშინგტონი და პეკინი პირველ ეტაპზე, იმ საკითხებზე შეთანხმდებიან, რომელთა გაკონტროლების საჭიროებაც არ არსებობს. მაგალითად, ჩინეთის მიერ ამერიკული სასოფლო, ენერგეტიკული და სამრეწველო პროდუქციის შესყიდვების გაზრდა. ასევე ექვსი შეთანხმება სტრუქტურულ ცვლილებებზე. პირველი ეტაპის შეთანხმება, ორივე მხრიდან ტარიფების ძველ დონეზე დაბრუნებას შეეხება. გაზეთის წყაროები ასევე აღნიშნავენ, რომ მოლაპარაკებებისას ჯერაც ბევრი წინააღმდეგობაა გადასალახი.