თებერვალში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 5.1%-ით გაიზარდა

2019 წლის თებერვალში საქართველოში ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 247,705 შეადგინა, რაც 11,993-ით მეტია 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (ზრდა +5.1%).

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციიდან იუწყებიან, აღნიშნული მონაცემები მათ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიაწოდა.

„თებერვალში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა ევროკავშირის ქვეყნებიდან: ლატვია +111.1%, სლოვაკეთი +84.8%, პოლონეთი +76.7%, ლიეტუვა +46.1%, ჩეხეთი +41.6%, იტალია +34.8% და სხვა.

განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: ისრაელი +198.4%, ჩინეთი +52%, საუდის არაბეთი +48.6% და სხვა.

2019 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 553,644 შეადგინა, რაც 29,054-ით მეტია 2018 წლის იანვარ-თებერვლის მაჩვენებელზე (ზრდა +5.5%).

იანვარში საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავალმა 8 მილიონი აშშ დოლარით მეტი შეადგინა. კერძოდ, წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის იანვარში შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 164.5 მილიონ დოლარს (ზრდა +5%), რაც 8 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

წინასწარი მონაცემებით 2018 წელს შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 3.2 მილიარდ დოლარს (ზრდა +18.4%), რაც 498 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

2018 წლის I-III კვარტლის მდგომარეობით შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 2.6 მილიარდ დოლარს (ზრდა +20.5%), რაც 437 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2018 წლის I-III კვარტლის მონაცემებით შეადგენს 7.6%-ს. ზრდა წინა წელთან შედარებით +19%-ია“, – აცხადებენ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში.