ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა - როგორი იყო მისი პრემიერობისას ეკონომიკური მაჩვენებლები

ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი „ქართულ ოცნების“ პოლიტსაბჭოში დაბრუნდა.

ღარიბაშვილი პარტიის პოლიტიკური მდივნის თანამდებობას იკავებს. ამის შესახებ სულ რამდენიმე წუთის წინ კახა კალაძემ განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტი 2015 წლის 23 დეკემბერს დატოვა. მანვე პრემიერ-მინისტრის პოსტი 2013 წლის 20 ნოემბერს დაიკავა.

ცნობისთვის, პრემიერობიდან წასვლის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი კონგლომერატი CEFC Energy Company Limited-ის რეგიონული პროექტების მართვის კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს მრჩევლად დაინიშნა.

ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი კონგლომერატი CEFC Energy Company Limited-ი ენერგეტიკის, საფინანსო და ინდუსტრიის სხვადასხვა სფეროში აქტიურად მოღვაწეობს. კომპანიის ინტერესების სფეროს ასევე წარმოადგენს ფასიანი ქაღალდები, აქტივების მართვა და ტრანსსასაზღვრო ტერმინალების მშენებლობა.

რაც შეეხება მისი პრემიერობის დროს, ირაკლი ღარიბაშვილმა ბიზნესს თავი ორი გაფართოვებული შეხვედრით, საზოგადოებას კი - ეკონომიკის მიმართულებით რამდენიმე ინიციატივით დაამახსოვრა.

ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის პერიოდი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით არცთუ ისე სახარბიელო მაჩვენებლით გამოირჩევა. 2013 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის 3.4%-იანი მაჩვენებელი დაფიქსირდა, 2014 წელს მშპ 4.6 %-მდე გაიზარდა, თუმცა 2015 წელს მთავრობას დაგეგმილი 5%-იანი ეკონომიკური ზრდის კორექტირება მოუწია.

ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის პერიოდში საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, 2014 წლის 1 სექტემბერიდან ძალაში შევიდა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA). გარდა ამისა, დაიწყო მოლაპარაკებები ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. ბაზრების გაფართოვების მიუხედავად, 2014 წლის მეორე ნახევრიდან ექსპორტის კლება ფიქსირდებოდა.

ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის პერიოდში მომზადდა და შემდეგ პარლამენტმა დაამტკიცა „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონი. ღარიბაშვილი იყო პრემიერ-მინისტრი, როდესაც ჩინეთიდან საქართველოში პირველი სარკინიგზო ტვირთის ტრანსპორტირება განხორციელდა.

ყველაზე მეტი კრიტიკა ღარიბაშვილის მისამართით ლარის კურსის გაუფასურების გამო გამოითქმოდა. მსოფლიო ეკონომიკაში მიმდინარე ფაქტორებისა და საქართველოში ექსპორტის, ფულადი გზავნილების, ტურისტების რიცხვის კლების ფონზე, ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში მკვეთრად დაეცა. მარტივი შედარებისთვის, თუ ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის დღეს ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 1.67 ლარი ღირდა, მისი გადადგომის დღეს ერთი დოლარის შესაძენად უკვე 2.41 ლარი იყო საჭირო.

თაია არდოტელი