„ი.ჩ-მ და ვ.ჩ-მ წარმატებული თამბაქოს წარმოება რომ გამომძალეს, მაგას თუ მოიკითხავს ნეტა ვინმე“

„თიბისის“ საქმეში მონაწილე კომპანიების დირექტორი ვახტანგ წერეთელი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს და მისთვის თამბაქოს ბიზნესის წართმევის ფაქტს იხსენებს.

„ბიზნესპრესნიუსი“ მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„ი.ჩ-მ და ვ.ჩ-მ მაგ წლებში წარმატებული თამბაქოს წარმოება "პირველი" რომ გამომძალეს, ახალი ხელისუფლების პირობებში პროკურატურამ დაზარალებულად რომ მცნო და დაადგინა გამოძალვა, ნეტა როგორ დაამთავრეს პროკურატურამ და აწ გარდაცვლილმა სასამართლომ ეგ ამბავი? მაგას თუ მოიკითხავს ნეტა ვინმე,“ - წერს ვატო წერეთელი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ გენერალური პროკურატურის მიერ „თიბისის“ 11 წლის წინანდელ ტრანზაქცია დაწყებული გამოძიება, კომპანიებს „სამგორი თრეიდსა“ და შპს „სამგორი M”-ს უკავშირდება.

კერძოდ, „გამოძიების ვერსიით, 2008 წლის აპრილში და მაისში, შპს „სამგორი თრეიდმა“ და შპს „სამგორი M”-მა, ,,თიბისი ბანკი“-სგან, სათანადო უზრუნველყოფის გარეშე, დაჩქარებული წესით მიიღეს საერთო ჯამში 17 მილიონ აშშ დოლარამდე სესხი. კომპანიების ანგარიშებზე სესხის თანხის განთავსებისთანავე, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ, ამავე კომპანიებიდან, როგორც ფიზიკურმა პირებმა, ისესხეს ზუსტად იმ ოდენობის თანხა, რაც ,,თიბისი ბანკმა“ საბრუნავი საშუალებების შევსების მიზნობრიობით ასესხა დასახელებულ კომპანიებს. 2008 წლის ბოლოს, თიბისი ბანკმა, აღნიშნული სესხები, საბანკო რეგულაციებით დადგენილ ვადაზე ადრე, დაუსაბუთებლად ჩამოწერა და გარე საბალანსო ანგარიშზე გადაიტანა, ხოლო 2012 წელს საერთოდ გაათავისუფლა ეს კომპანიები ბანკის წინაშე არსებული სასესხო ვალდებულებისგან, როდესაც დათანხმდა ამ ვალდებულებების ოფშორულ კომპანიაზე გადატანას.“

რაც შეეხება მის პოსტში ნახსენებ - ი.ჩ-სა და ვ.ჩ-ს, ისინი სავარაუდოდ, "თბილისის თამბაქოს" ერთ-ერთი დამფუძნებელი ირაკლი ჩუბინიშვილი და ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი არიან. შეგახსენებთ, რომ ეს ადამიანები რამდენიმე თვის წინ მედიაში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებშიც ფიგურირებდნენ, რომელიც „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით ვრცელდებოდა.

თაია არდოტელი