5-10 კილომეტრიანი რიგი და საცობი. სატვირთო სატრანსპორტო საშუალებების (ტრაილერების) გრძელი რიგი მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზეა. ამის შესახებ ინფორმაციას "საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია" ავრელებს.
მათივე ინფორმაციით, რამდენიმე თვეა, ასეულობით სატვირთო-სატრანსპორტო საშუალებას თითქმის მთლიანად პარალიზებული აქვთ საგზაო მოძრაობა ყაზბეგის საბაჟო გამშვები პუნქტის მიმართულებით.
"ხშირად იქმნება ავარიული სიტუაცია, ვინაიდან კერძო ავტომფლობელები იძულებულნი არიან იმოძრაონ საპირისპირო მიმართულებით. გარდა საგზაო უსაფრთხოებისა, გაუარესებულია ეკოლოგიური მდგომარეობა.
ვიდეოში ნაჩვენები საგანგაშო სიტუაცია საფრთხეს უქმნის გუდაურისკენ მიმავალ ტურისტულ ნაკადს. დაუცველია მგზავრთა საგზაო უსაფრთხოება. ხელს უშლის გუდაურის, როგორც სამთო-სათხილამურო კურორტის განვითარებას, შედეგად აფერხებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. ის რაც საზღვრის მიმდებარედ ხდება, არის კატეგორიულად მიუღებელი და წარმოაჩენს ჩვენ ქვეყანას ჩამორჩენილ სახელმწიფოდ. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება შექმნილი სიტუაციის გამოსასწორებლად",- ნათქვამია "საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.