„თანამედროვე განათლებაში ინვესტირებით მდგრადი ეკონომიკური ზრდის მიღწევა ჩვენი მთავრობის მთავარი პრიორიტეტია"

თანამედროვე განათლებაში და ადამიანურ კაპიტალში ინვესტირების გზით მდგრადი ეკონომიკური ზრდის მიღწევა ჩვენი მთავრობის მთავარი პრიორიტეტია, - ამის შესახებ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინისთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ასოცირების საბჭოს ძალიან პროდუქტიული შეხვედრა გვქონდა დღეს. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ეს უკვე რიგით მეორე შემთხვევაა, როდესაც საქართველოდან მაღალი დონის დელეგაცია ჩამოდის ბრიუსელში. იანვარში საქართველოს ახლად არჩეულ პრეზიდენტს ძალიან ნაყოფიერი და წარმატებული ვიზიტი ჰქონდა ბრიუსელში. ეს ცხადყოფს ჩვენი ურთიერთობების ინტენსიურობასა და დინამიკას. დღეს ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა. განვიხილეთ ის დიდი პროგრესი, რომელსაც ორმხრივ ურთიერთობებში მივაღწიეთ. განვიხილეთ ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაცია, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება. საქართველო განაგრძობს თავისი ინსტიტუციური და საკანონმდებლო სისტემის ევროკავშირის ნორმებთან და სტანდარტებთან მოყვანას. დღეს ჩვენ ასევე განვიხილეთ საქართველოს ტერიტორიების რუსეთის მიერ ოკუპაციის საკითხი. განვიხილეთ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრის მნიშვნელობა და ჩვენი პასუხი ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე, მათ შორის ჩვენი მოქალაქეების სასტიკ მკვლელობებზე, რომელსაც ადგილი აქვს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. განვიხილეთ ახალი მშვიდობიანი ინიციატივა, „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ და ჩვენი ერთიანი ძალისხმევა ამ ინიციატივის იმპლემენტაციის კუთხით. ჩვენ მტკიცედ გვჯერა ხალხთა შორის კონტაქტების. ასევე განვიხილეთ საქართველო-რუსეთის კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრა“, - განაცხადა საქართველოს პრემიერმა.

მისივე თქმით, საქართველო ძალიან აფასებს იმას, რომ ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

„განვიხილეთ ის პროგრესი, რომელსაც საქართველოს სასამართლო სისტემის რეფორმაში მივაღწიეთ. ჩვენი სავაჭრო ურთიერთობები ევროკავშირთან იზრდება. შეხვედრაზე განვიხილეთ ნაბიჯები, რათა წინ წავწიოთ ქართული პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზე და გავაუმჯობესოთ ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობები. შეხვედრაზე ასევე წარვადგინეთ ევროკავშირში ინტეგრირების ჩვენი საგზაო რუკა. ჩვენ ასევე ვისაუბრთ სექტორალურ თანამშრომლობაზე. ჩვენ ვაფასებთ ევროკავშირის ჩართულობას საქართველოს საგანმანათლებლო სისტემის მოდერნიზებაში. მდგრადი ეკონომიკური ზრდის მიღწევა თანამედროვე განათლებაში და ადამიანურ კაპიტალში ინვესტირების გზით ჩვენი მთავრობის მთავარი პრიორიტეტია. ასევე განვიხილეთ თუ როგორ გაიზრდება შესაძლებლობები ისეთი პროექტების განვითარებისა და მშენებლობით, როგორიც არის აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალი, რკინიგზის მოდერნიზება, ანაკლიის პორტი“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.