წუხელ გლდანის III ა მკრ-ში, აკრძალული ღია წვის კამერიანი წყალგამაცხელებლის მოხმარების შედეგად, ნაქირავებ ბინაში მცხოვრები ერთი ადამიანი CO-თი გარდაიცვალა, მეორე კი უგონო მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ამ ბინაში დამონტაჟებული კუსტარული წყალგამაცხელებლის საკვამლე მილი ბინის მეპატრონეს კორპუსის სავენტილაციო არხზე ჰქონდა მიერთებული, რამაც CO-თი ამავე კორპუსის პირველ სართულზე მცხოვრები ორი მეზობლის მოწამვლაც გამოიწვია. „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ადგილზე მისულმა თანამშრომლებმა კუსტარულად დამონტაჟებული აკრძალული ღია წვის კამერიანი დანადგარი ჩაჭრეს.
კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ აფრთხილებს გაქირავებული და დაგირავებული ბინების მეპატრონეებს! სასწრაფოდ ჩახსენით ღია წვის კამერიანი წყალგამაცხელებლები (ე.წ. კალონკები) და გაზგამათბობლები, ასევე, ნუ გამოიყენებთ კორპუსის სავენტილაციო არხებს საკვამლე მილების დასაერთებლად, რადგან ამით კლავთ თქვენს კორპუსში მცხოვრებ სხვა მობინადრეებს. გაუფრთხილდით თქვენი ოჯახისა და მეზობლების უსაფრთხოებას.
სტატისტიკის მიხედვით, CO-თი მოწამვლისა და გარდაცვალების 70% გაქირავებულ და დაგირავებულ ბინებში ხდება, რადგან ბინის მეპატრონეები ნაკლებად იცავენ უსაფრთხოებას იქ, სადაც თავად არ ცხოვრობენ, რაც დანაშაულია.