ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 21.9%-ით გაიზარდა და 25.8 მლრდ ლარი შეადგინა

ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2018 წლის მე-4 კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 21.9%-ით გაიზარდა და 25.8 მილიარდი ლარი შეადგინა.

„საქსტატის“ ცნობით, ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. კერძოდ, 2018 წლის მე-4 კვარტალში მისი მოცულობა 11.5 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 9.6 პროცენტით აღემატება.

ამასთან, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, გასული წლის მე-4 კვარტალში მთლიანი ბრუნვის 51.6 პროცენტი მოდის მსხვილ ბიზნესზე, 19.7 პროცენტი - საშუალო, ხოლო 28.7 პროცენტი - მცირე ბიზნესზე ნაწილდება.

„მცირედით განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 40.3 პროცენტი, საშუალოზე - 25.8 პროცენტი, ხოლო მცირე ბიზნესზე - 33.9 პროცენტი.

საანგარიშო პერიოდში საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 2018 წლის მე-4 კვარტალში 16.5 მლრდ. ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.7 პროცენტით მეტი), ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა - 10.2 მლრდ ლარი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.8 პროცენტით მეტი),“-აღნიშნუალია „საქსტატის“ ინფორმაციაში.