„დღეს ჩვენ კონცენტრირებულები ვართ ისეთ მცირე და საშუალო ბიზნესკომპანიებზე, რომელთაც გააჩნიათ ზრდის უნიკალური შესაძლებლობა და ამავე დროს, აქვთ სურვილი, რომ დანერგონ კარგი მმართველობის და გამჭვირვალე აღრიცხვიანობის სტანდარტი. ამასთან, გააჩნიათ კარგი პროდუქტი, თუმცა შესაძლოა, განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას კარგავენ მხოლოდ იმიტომ, რომ განვითარებისთვის საჭირო ფინანსებზე წვდომა არ აქვთ“,- ამის შესახებ სინერჯი კაპიტალის თანადირექტორმა დიმიტრი ქუმსიშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.
სინერჯი კაპიტალი სინერჯი ჯგუფის შვილობილი კომპანიაა, რომელიც ეძებს, აერთიანებს და ეხმარება ადამიანებს გაზარდონ თავიანთი კაპიტალი ისეთი ორგანიზაციების განვითარებაში ინვესტირებით, რომლებსაც ღირებულების გაზრდა ძალიან სწრაფად შეუძლიათ.
კონკრეტულად რას საქმიანობს სინერჯი კაპიტალი, რა ტიპის კომპანიებთან თანამშრომლობს და ზოგადად, კაპიტალის ბაზრის განვითარების რა პოტენციალი აქვს ქვეყანას, ამ და სხვა საკითხებზე „ბიზნესპრესნიუსი“ დიმიტრი ქუმსიშვილს ესაუბრა.
დიმიტრი ქუმსიშვილი: მსოფლიოში კერძო კაპიტალის ფონდების სექტორი ძალიან ახალგაზრდაა. ის მხოლოდ 45 წელს ითვლის. თუმცა ამ პერიოდის განმავლობაში კერძო კაპიტალის ფონდებმა დიდი გამოცდილება დააგროვეს და დღეის მდგომარეობით 4,5 ტრილიონი დოლარის აქტივებს მართავენ. ამ დროისთვის მსოფლიოს მასშტაბით, 8000-მდე კერძო კაპიტალის ფონდია რეგისტრირებული, რომლებიც კონკრეტული ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისადაა კონცენტრირებული.
რაც შეეხება საქართველოს, ჩვენთან საინვესტიციო ფონდების შესახებ კანონდებლობის დამუშავება ახლაც მიმდინარეობს. დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნული კანონდებლობა წლის ბოლომდე უკვე დამტკიცდება. შესაბამისად, ქვეყანაში კერძო კაპიტალის ფონდების საქმიანობაც ბევრად გამართული იქნება, ვიდრე დღესაა.
საქართველოში რა მოცულობისაა ეს ინდუსტრია და კონკრეტულად სინერჯი კაპიტალი რით არის ბაზარზე გამორჩეული?
საქართველოში რამდენიმე კერძო კაპიტალის ფონდია, თუმცა ყველას საკუთარი მანდატი გააჩნია. ჩვენი ფონდი, სინერჯი კაპიტალი გამოირჩევა იმით, რომ გვსურს, კლასიკური გაგებით რაც არის კერძო კაპიტალის ფონდი, სწორედ ამის შესაბამისი საქმიანობა წარვმართოთ. ამასთან, მაქსიმალურად კონცენტრირებული ვიყოთ დიდი პოტენციალის მქონე და სწრაფად მზარდი კომპანიების მოძიებაზე, რათა შემდგომ ხელი შევუწყოთ მათ რეალიზაციას.
ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამ პროცესში ცოდნას და გამოცდილებას აქვს განსაკუთრებული როლი. როდესაც წარმატების ფორმულაზე ვსაუბრობთ, ჩვენი პოზიციაა, რომ 80% არის ცოდნა და გამოცდილება, ხოლო 20% ფინანსები.
ბიზნესისთვის რა უპირატესობა აქვს კერძო კაპიტალის ფონდს სხვა ინსტიტუტებთან, მათ შორის, საბანკო სექტორთან შედარებით?
კერძო კაპიტალის ფონდსა და დღეს საქართველოში ჩვენთვის კარგად ცნობილ ინსტიტუტებს, ამასთან, კომერციულ ბანკებს შორის განსხვავება ძალიან დიდია. კომერციული ბანკის შემთხვევაში ბანკისთვის მნიშვნელოვანია უზუნველყოფა და დაფარვის წყარო. გარდა ამისა, ბანკი არ იღებს მონაწილეობას თქვენს განვითარებაში, ოპერაცული საქმიანობის გაუჯობესებაში, ძირითადი ბიზნეს პროცესების ჩამოყალიბებაში და ა.შ. მაშინ, როდესაც კერძო კაპიტალის შემთხვევაში დამოკიდებულება აბსოლუტურად განსხვავებულია. გარდა იმისა, რომ კერძო კაპიტალის ფონდი ქვეფონდებით ხდება პარტნიორი, ის აქტიურ მონაწილეობას იღებს კომპანიის შემდგომ განვითარებაში. კერძო კაპიტალის ფონდის შემთხვევაში შესწავლისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესიც კი კომერციული ბანკებისგან განსხვავებულია, რადგან აქ ფონდები და ქვეფონდები ხდებიან თქვენი პარტნიორები.
როგორ ხდება კომპანიაში კერძო კაპიტალის ფონდის შესვლა და რა სამუშაოები ტარდება იმისთვის, რომ კერძო კაპიტალის ფონდმა კომპანიასთან პარნიორობის გადაწყვეტილება მიიღოს?
გადაწყვეტილების მიღება 6 ძირითადი ნაწილისგან შედგება, რაც საბოლოო ჯამში პარტნიორობის შეასაძლებლობას გვაძლევს. ეს ეტაპებია: წინასწარი შეფასება - პირველადი გასაუბრების ჩატარება; კომპანიასთან თანამშრომლობის მემორანდუმი; დეტალური შეფასება; პარტნიორთა შორის შეთანხმება; 100-დღიანი ტაქტიკური გეგმის მომზადება და მეთვალყურეობა.
ჩვენ ვატარებთ კომპანიების დეტალურ დიაგნოსტიკას, რომლის დროსაც ვაკეთებთ ორგანიზაციულ შესწავლას. ეს თავის თავში მოიცავს სტრატეგიის, სტრუქტურის, პროცესების, მოტივაციის, სისტემის, ორგანიზაციული კულტურის შესწავლას და შეფასებას. ამასთან, კეთდება ბაზრის დეტალური კვლევა. ეს არის ბაზრის მოცულობის, ბაზრის ზრდის ტემპების, ძირითადი მონაწილეების, კონკურენტების, ფასების, მიმწოდებლებისა და მომხმარებლების შესწავლა. ამასთან, ვაკეთებთ ფინანსურ და იურიდიულ დიაგნოსტიკასაც. ამის მერე იწყება ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, რომელიც ჩვენი გადმოსახედიდან არის ნომერ პირველი მნიშვნელობის მატარებელი, დამატებით ღირებულების შექმნის მიმართულებით. ეს არის ჩვენს მომავალ პარტნიორებთან ერთად ახალ სტატეგიაზე ჩამოყალიბების ნაწილი. ამ დროსაც ხდება ძირითადი სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღება, თუ როგორ უნდა განვითარდეს კომპანია, რა პროდუქტები უნდა იყოს, რა არის ზრდის მიღწევის ძირითადი ალგორთმი, რის შემდეგაც ვიწყებთ პარტნიორობას.
პარტნიორობის ნაწილშიც ასევე ძალიან მნიშვნელოვან სამუშაოებს ვატარებთ ერთობლივად, სადაც ხდება ახალი ორგანიზაციული სტრუქტურის დანერგვა, რომელიც შემუშავებულ სტრატეგიასთან შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს. აქ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მოტივაციის სისტემის შექმნა და დანერგვა, რადგან ბიზესს ადამიანები აკეთებენ და სწორედ ისინი უნდა იყვნენ მოტივირებულები. მხოლოდ მოტივირებულ ადამიანს შეუძლია კარგი შედეგის მოტანა, ბიზნესპროცესების გამართვა, ოპტიმიზაცია და აშ.
რაც შეეხება მეთვალყურეობის ნაწილს, ჩვენს მომავალ პარტნიორებთან ერთად ვაყალიბებთ ძირითად ჰორიზონტალურ კოლეგიალურ სტრუქტურებს. ისეთს როგორიცაა, სამეთვალყურეო საბჭო ან სხვა საბჭოები, სადაც ძირითადი ამოცანების გადაწყვეტა ხდება. მათ შორის, ორგანიზაციებში ინერგება ფინანსური და მენეჯერული ანგარიშგების სისტემები. ყველაფერი ეს კი საბოლო ჯამში, უზრუნველყოფს ჩვენი პარტნიორი ან შვილობილი კომპანიების სამომავლო წარმატებას.
რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს კომპანია, რომ თქვენი დაინტერესება გამოიწვიოს?
დღეს ჩვენ კონცენტრირებულები ვართ ისეთ მცირე და საშუალო კომპანიებზე, რომელთაც გააჩნიათ ზრდის უნიკალური შესაძლებლობა და ამავე დროს, აქვთ სურვილი, რომ დანეგონ როგორც კარგი მმართველობის, ისე გამჭვირვალე აღრიცხვიანობის სტანდარტი. ამავე დროს, გააჩნიათ კარგი პროდუქტი, რომელიც ორიენტირებულია მომხმარებელზე, თუმცა შესაძლოა, კარგავენ განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას მხოლოდ იმიტომ, რომ არ გააჩნიათ გაკვეულ ფინანსებზე წვდომა. საქართველოს ბაზრის ნაწილში, კვლევები გვიჩვენებს, რომ ყოველწლიურად მხოლოდ საშუალო და მცირე ბიზნესს, რომელიც ძალიან სრაფად მზარდია და გააჩნია ზრდის პოტენციალი, კაპიტალის სახით აკლდება 300 მლნ დოლარამდე. ეს არის სწორედ ის მიმართულება, რომელშიც კომერციული ბანკები ვერ ემსახურებიან.
კომპანიები რომლებითაც ვინტერესდებით, უნდა იყვნენ მომავლის ლიდერი ორგანიზაციები, რომელთაც ამავე დროს, შეუძლიათ საზოგადოებრივი სიკეთის შექმნა. მაგალითისთვის, ხშირად იკრიბებიან ადამიანები და იღებენ გადაწყვეტილებას ბიზნესის დაწყებაზე. ისინი ამაში დებენ კაპიტალს, შრომას და ცოდნას, თუმცა რაღაც პერიოდის შემდეგ, შეიძლება აღმოაჩინო, რომ იმაზე მეტი კაპიტალი დასჭირდათ, ვიდრე ეგონათ. ამასთან, წინასწარ გათვლილზე მეტი დრო დასჭირდა გუნდის შეთამაშებას, პროდუქტის ჩამოყალიბებას და ა.შ. თუმცა იციან, რომ ის რაც შექმნეს, ღირებულია და მასზე მოთხოვნა არსებობს. ჩვენთვის სწორედ ასეთი კომპანიები არიან ძალიან საინტერესო, რადგან ბაზარი უკვე მოსინჯეს, გაიგეს რისგან შედგება, გაიტანეს პირველი პროდუქტი და პირველი ვაჭრობაც შედგა, თუმცა მათ სჭირდებათ პარტნიორი, რომელიც ორგანიზაციულ ზრდასა და საჭირო ფინანსების მოზიდვაში დაეხმარება.
ამ კრიტერიუმებში რამდენად მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებულობა?
საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია იმპორტის ჩანაცვლება და ორიენტაციის აღება ექსპორტზე.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ თვალსაზრისით პრაქტიკულად ყველა მიმართულება საინტერესოა. მათ შორის, ტურიზმში არსებული სერვისების განვითარება, ასევე ქსელური ბიზნესი, რომელიც დღეს ჩვენი ყურადღების ქვეშ არის.
რა არის ის მთავარი საზოგადოებივი სიკეთე, რომელსაც ასეთი ორგანიზაციები ქმნიან და ზოგადად, კაპირტალის ბაზრის განვითარების რა პონტენციალი აქვს ქვეყანას?
სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანაში ახლად შექმნილი სამუშაო ადგილების 70-დან 80% სწორედ ასეთ ორგანიზაციებზე მოდის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის.
ვფიქრობ, ჩვენთან ძალიან დიდი პოტენციალია როგორც კერძო კაპიტალის ფონდების მიმართულებით, ისე მთლიანად კაპიტალის ბაზრის განვითარების მხრივ. უკვე ძალიან ბევრი ნაბიჯი გადაიდგა და ძალიან ბევრიც ახლა გადაიდგმება, მათ შორის, საკანონმდებლო ბაზის დახვეწის მიმართულებით, რაც ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის განვითარებას ხელს ძალიან უწყობს.