ამერიკის შეერთებული შტატები ინდოეთისთვის შეღავათიანი სავაჭრო სტატუსის შეჩერებას გეგმავს, რომლის თანახმადაც ინდოეთს ზოგიერთი პროდუქცია ამერიკაში საბაჟო გადასახადის გარეშე შეჰქონდა.
დონალდ ტრამპის განცხადებით, ინდოეთმა ვერ შეძლო ოფიციალური ვაშინგტონის დარწმუნება, რომ ის აშშ-ისთვის გონივრული საბაზრო პირობების შეთავაზებას შეძლებდა.
ინდოეთის ოფიციალური პირების განმარტებით, აშშ-ის მიერ გადადგმულ ნაბიჯს „მინიმალური ეკონომიკური გავლენა ექნება“.
ინდოეთი ერთადერთი ქვეყანა არ არის, რომელსაც თეთრი სახლის გადაწყვეტილებით შეღავათიანი სავაჭრო სტატუსი შეუჩერდება. არსებული ბენეფიტებით ვეღარ ისარგებლებს ვერც თურქეთი. ტრამპის განმარტებით, ის არსებულ კრიტერიუმებს ვეღარ აკმაყოფილებს.
როგორც „ბიბისი“ წერს, ეს ოფიციალური ვაშინგტონის მიერ გადადგმული უკანასკნელი ნაბიჯებია, რამაც მათი შეხედულებით უსამართლო სავაჭრო პრაქტიკა უნდა დაასრულოს.
შეღავათიანი სავაჭრო სისტემა
პრეფერენციათა განზოგადებული სისტემის (GSP) პროგრამის ფარგლებში, ზოგიერთი პროდუქცია აშშ-ში შეიძლება საბაჟო გადასახადის გარეშე შევიდეს, იმ შემთხვევაში თუ ბენეფიციარი განვითარებადი ქვეყანა კონგრესის მიერ დაწესებულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს.
კრიტერიუმები მოიცავს ინტელექტუალური საკუთრების დაცვისა და აშშ-ისთვის საკუთარ ბაზარზე გონივრული და სამართლიანი წვდომის უზრუნველყოფას.
ინდოეთის სავაჭრო მდივნის ანუპ ვადჰავანის თქმით, პრეფერენციათა განზოგადებული სისტემიდან ინდოეთის გამოთიშვას ქვეყნისთვის მინიმალური ეკონომიკური გავლენა ექნება, რაც 190 მილიონ დოლარს შეადგენს.
„ჩვენი სავაჭრო ურთიერთობები აშშ-სთან უცვლელად შენარჩუნდება. სავაჭრო მოლაპარაკებებს ჩაშლა არ ემუქრება“- განაცხადა ანუპ ვადაჰავანიმ.
„რაღაცები უნდა შეიცვალოს“
ბიზნეს კორესპოდენტის ქარიშმა ვასვანის ანალიზის მიხედვით, ინდოეთი ამერიკის პრეფერენციათა განზოგადებული სისტემის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბენეფიციარია, რომელიც 1970 წელს განვითარებადი და ღარიბი ქვეყნების ეკონომიკური გაძლიერების მიზნით შეიქმნა. იმ დროს ინდოეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი სულ რაღაც 3,5%-ს შეადგენდა, ამ წელს კი სავარაუდოა, რომ ის მსოფლიოში მეხუთე ყველაზე ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყანა გახდება და გაერთიანებულ სამეფოსაც კი დაუპირისპირდება. ანალიტიკოსის განმარტებით, სწორედ ამიტომ ამბობს აშშ და უფრო კონკრეტუულად კი ტრამპის ადმინისტრაცია, რომ რაღაცები უნდა შეიცვალოს.
ქვეყნები, რომლებიც აღარ შედიან განვითარებადი ქვეყნების რიცხვში, არ უნდა სარგებლობდნენ სპეციალური წვდომით აშშ-ის ბაზარზე - განსაკუთრებით კი მაშინ თუ ბენეფიციარი ქვეყანა აშშ-ს გონივრულ საბაზრო პირობებს არ სთავაზობს.
თურქეთის შემთხვევაში კი აშშ ამტკიცებს, რომ ოფიციალური ანკარა ვეღარ აკმაყოფილებს პრეფერენცითა განზოგადებული სისტემის კრიტერიუმებს, რადგან ის ეკონომიკურად საკმაოდ განვითარებული ქვეყანაა. ცვლილებები სავარაუდოდ, 60 დღეზე ადრე არ შევა ძალაში.
მოამზადა სალომე აბულაშვილმა