2018 წელს ბიზნეს სექტორში ქალების საშუალო თვიურმა ხელფასმა 977 ლარი შეადგინა

„საქსტატი“ საწარმოთა საქმიანობის შედეგებს აქვეყნებს.

ანგარიშის თანახმად, 2018 წლის IV კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 1 318.7 ლარს გაუტოლდა და 2017 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 77.2 ლარიანი ზრდა ფიქსირდება. მათ შორის ქალების ხელფასმა შეადგინა - 977.2 ლარი, გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 67.9 ლარით მეტი.

საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია:

• მსხვილი ბიზნესი – 1 288.8 ლარი,

• საშუალო ბიზნესი – 1 513.9 ლარი,

• მცირე ბიზნესი – 1 234.5 ლარი.

საქსტატის ანგარიშის თანახმად, დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 36.2 % მსხვილ ბიზნესზე მოდის, 21.6% - საშუალოზე, ხოლო დარჩენილი 42.2 % - მცირე ბიზნესზე, ანუ ჯამში დასაქმებულთა 63.8%-ს მცირე და საშუალო ბიზნესი ასაქმებს.

2018 წლის IV კვარტალში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 684.5 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 3.7%-ით აღემატება. ამასთან, დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 40.6 % ქალია, ხოლო 59.4 % - კაცი.

„საქსტატის“ მონაცემების მიხედვით, დაქირავებულთა მთლიანი რაოდენობა 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.8%-ით გაიზარდა და 647 600 კაცი შეადგინა. ამასთან, 2018 წლის IV კვარტალში საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე 9.1%-ით გაიზარდა და 2 582.4 მლნ ლარი შეადგინა.

დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით, ბიზნეს სექტორში ვაჭრობის (25.7 %), დამამუშავებელი მრეწველობისა (13.1 %) და მშენებლობის ( 10.6 %) საქმიანობების დარგები ლიდერობენ. თუმცა, სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი მოდის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების (10.2%), ტრანსპორტისა და დასაწყობების (8.1 %) და განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობების დარგის საწარმოებზეც (5.5 %).