ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაცია (OECD), 2019- 2020 წლებში მსოფლიო ეკონომიკის ზრდის პროგნოზს კვლავ ამცირებს. ამის ძირითად მიზეზებად, წამყვან ეკონომიკებს შორის სავაჭრო ურთიერთობათა დაძაბვის გარდა, ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლაც სახელდება.
OECD-მა მსოფლიო ეკონომიკის ზრდის პროგნოზი ნოემბერშიც შეამცირა და მაშინაც ძირითად მიზეზებად, სავაჭრო ურთიერთობების დაძაბვა და ბრექსიტი დასახელდა. ორგანიზაციის ახალი, საშუალედო პროგნოზით, წელს გლობალური ეკონომიკა 3.3 პროცენტით გაიზრდება (ეს უწინდელ პროგნოზზე 0.2 პროცენტით ნაკლებია), მომავალ წელს კი ზრდა 3.4 პროცენტი იქნება (უწინდელ პროგნოზზე 0.1 პროცენტით ნაკლები).
„მონეტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებული გაურკვევლობა, სავაჭრო ურთიერთობების დაძაბვა, ბიზნესის ეროზია და მომხმარებელთა შემცირებული თავდაჯერება ის მიზეზებია, რომლებიც ეკონომიკის ზრდის ტემპის შემცირებას იწვევს. ევროპაში მონეტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებით, კვლავაც გაურკვევლობაა. იგივეა ბრექსიტთან დაკავშირებით. მოუწესრიგებელი ბრექსიტი, ევროპული ქვეყნების ეკონომიკების მდგრადობას მნიშვნელოვნად შეარყევს“, - წერს OECD.
ბრექსიტის გარდა, ევროპის ეკონომიკას ასევე აზარალებს აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო ურთიერთობის დაძაბვა, ასევე გერმანიის ეკონომიკის ზრდის ტემპის კლება, იტალიის რეცესია და სხვა. მაგალითად, OECD-მ გერმანიის მშპ-ს ზრდის პროგნოზი 1.6-დან 0.7-მდე შეამცირა. პროგნოზი მომავალი წლისთვის შედარებით მაღალი - 1.1 პროცენტია. გერმანიის ექსპორტზე ორიენტირებულ ეკონომიკას, სავაჭრო ბარიერების ზრდა და გლობალური მოთხოვნის შემცირება აზარალებს.
გარდა ამისა, გასული თვის მონაცემები აჩვენებს, რომ აშშ-ში კერძო შემოსავლები, ბოლო სამ წელიწადში პირველად შემცირდა. ამას მოჰყვა სამომხმარებლო ხარჯების შემცირება. მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკის ზრდის ტემპიც შემცირებულია.