საცხოვრებელი ფართის არასაცხოვრებელი მიზნით გაქირავებისას ფიზიკური პირი შესაძლოა, 20%-ის ნაცვლად 5%-იანი საშემოსავლო გადასახადით დაიბეგროს.
ამის შესახებ პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტშია აღნიშნული.
როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, კანონპროექტის მიზეზს იმ ფიზიკურ პირთა ხელშეწყობა წარმოადგენს, რომლებიც ბინებს, სახლებს ან მათ ნაწილებს აქირავებენ. კერძოდ, მოქმედი რედაქციით, საცხოვრებელი სახლის ამავე დანიშნულებით გაქირავებიდან მიღებული შემოსავალი იბეგრება 5%-ით, თუმცა თუ ფართი სხვა, მაგალითად, საოფისე დანიშნულებით გაქირავდება, მაშინ 20%- ით იბეგრება.
აღნიშნული კი პროექტის ავტორის შეფასებით, არათანაბარ ვითარებაში აყენებს იმ ადამიანებს, ვინც საცხოვრებელ სახლს აქირავებს საოფისე დანიშნულებით. აგრეთვე, აღნიშნული კანონპროექტის მიღება საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების წინაპირობაა, რადგან ფიზიკურ პირებს საშუალება ეძლევათ დაუბეგრავი თანხები მიმართონ ეკონომიკის სხვადასხვა სფეროებში.
„კანონპროექტი გავლენას ახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. კერძოდ 2018 წლის განმავლობაში სახაზინო სამსახურის ინფორმაციით, საშემოსავლო გადასახადმა ფიზიკური პირების მიერ იჯარით გაცემის შედეგად მიღებული შემოსავლებიდან ჯამურად 33.97 მლნ ლარი შეადგინა. ეს მონაცემები ეყრდნობა ერთის მხრივ ფიზიკურ პირებზე გაქირავებიდან მიღებული შემოსავლის საგადასახადო წილს - 5%-ს, ხოლო მეორეს მხრივ 20%-იან საშემოსავლო გადასახადს, რომელსაც იხდიან მოქალაქეები საოფისე ან კომერციული დანიშნულებით საცხოვრებელი ფართით გაქირავებისას. ზუსტი გათვლა, რომელი რამდენს იხდის ამ ეტაპზე შეუძლებელია, შესაბამისად, ვიცით, რომ მაქსიმალური ზღვარი 34 მლნ ლარია,“-აღნიშნულია პროექტის განმარტებით ბარათში.
კანონპროექტის ინიციატორი ფრაქცია "ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“; ხოლო ავტორი - პარლამენტის წევრი გიორგი წერეთელი.