„რეზონანსი" - კონტრაბანდული სიგარეტი ჩუმ-ჩუმად უკვე ბაზრობებზე იყიდება

ხელისუფლება თამბაქოზე ფასის კიდევ უფრო მეტად გაზრდას გეგმავს.

აქამდე თუ სამიზნე სიგარეტი და მისი მომხმარებელი იყო, ახლა აქციზი უკვე გასახვევ თუთუნზეც მოიმატებს. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, ამის გამო ისედაც 20-ჯერ გაზრდილი კონტრაბანდის რისკი კიდევ უფრო მეტად მატულობს. უკვე გამოჩნდნენ ჯგუფები, რომლებსაც თამბაქოს დიდი ოდენობა კონტრაბანდული გზით შემოაქვთ და მას ე. წ. ბაზრობებზე ყიდიან.

აქციზზე ფასის ზრდის შედეგად თამბაქოს რეალიზაცია ოფიციალური მონაცემებით 15%-მდე შემცირდა, თუმცა უცნობია, ეს მწეველთა შემცირების ხარჯზე მოხდა თუ კონტრაბანდული გზით შემოტანილი სიგარეტის გამო. 2017-18 წლებში თამბაქოს კონტრაბანდა 20-ჯერ გაიზარდა. კონტრაბანდის ზრდას რეგიონში სახმელეთო საზღვრის მქონე ქვეყნებში სიგარეტის დაბალი ფასიც უწყობს ხელს. ფილტრიან სიგარეტზე ფასის ზრდამ გასახვევ თამბაქოსა და უფილტო სიგარეტზე გაზარდა მოთხოვნა, რამაც ადგილობრივ წარმოებას შესამჩნევად შეუწყო ხელი, ახლა კი ხელისუფლება ამ უკანასკნელის გაძვირებასაც გეგმავს.

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ აღნიშნა, რომ აქციზის გადასახადის მატების ამოცანა არის არა ის, რომ ბიუჯეტში მეტი ფული შევიდეს, არამედ ის, რომ ადამიანებმა ცოტა მოწიონ ან თავი დაანებონ მოწევას.

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი პაატა ბაირახტარი კი სრულიად საპირისპირო ინფორმაციას აქვეყნებს. მისი თქმით, ფასის ზრდას არ გამოუწვევია არც საბიუჯეტო შემოსავლების გაზრდა და არც მწეველთა რაოდენობის შემცირება, ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტის ფასის გათანაბრებით კი ადგილობრივი ბიზნესი გაკოტრებისათვის გაწირა ხელისუფლებამ.

„თამბაქოზე აქციზის ზრდა 2012 წლის შემდეგ დაიწყო და ის პერმანენტულად მატულობდა. ამ მიმართულებით დიდი ნახტომი დაფიქსირდა 2017 წელს, როდესაც ფილტრიან სიგარეტზე აქციზის ღირებულება ერთბაშად 0.60 ლარით გაიზარდა. ამ აქციით მთავრობა ორი კურდღლის ერთად დაჭერას შეეცადა. კერძოდ, ზრდით ცდილობდენ, თამბაქოს მოხმარება შეემცირებინათ, რაც თავის მხრივ უტოპიაა, ხოლო მეორე მხრივ ბიუჯეტში დამატებით შემოსავლებს ელოდნენ. როგორც მოგვიანებით გამოჩნდა, იდეის ავტორებს „ორივე კურდღელი" ხელიდან დაუსხლტათ.

მთავრობამ აქციზის ზრდით ბიუჯეტში დაგეგმილზე გაცილებით ნაკლები შემოსავალი მიიღო. თუ 2016 წლის 7 თვეში თამბაქოს იმპორტიდან მიღებულმა აქციზის შემოსავალმა 494 მლნ ლარს მიაღწია, 2017 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს რიცხვი 322 მლნ ლარს არ გასცდენია. რაც შეეხება თამბაქოს მოხმარების შემცირებას, რაც ეს გამოვიდა, ვინაიდან მომხმარებელი ფილტრიანი თამბაქოდან ადგილობრივ უფილტრო თამბაქოზე გადავიდა.

მართალია, რეგულაციებმა ფისკალურ ნაწილში მნიშვნელოვანი პრობლემები შექმნა, მაგრამ წყალი ადგილობრივი წარმოების წისქვილზე დაასხა იმდენად, რამდენადაც მომხმარებელი უფილტრო სიგარეტზე გადავიდა, რომლის 90% სწორედ ადგილობრივ ბაზარზე იწარმოებოდა. თუ 2015 წელს ადგილობრივ ბაზარზე 24 მლნ კოლოფი უფილტრო სიგარეტი აწარმოეს, ამ ციფრმა 2017-ში 73 მლნ კოლოფს გადააჭარბა.

როგორც ვიცით, ადგილობრივი წარმოების მსგავსი განვითარება დიდხანს არ გაგრძელებულა, „ჯანმრთელობისათვის მებრძოლებმა" ახალი რეგულაცია შეიმუშავეს, რომლის მიხედვითაც, 2019 წელს ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე აქციზის განაკვეთი გათანაბრდა. ამის შემდეგაც, რიგი ობიექტური მიზეზების გამო, ადგილობრივი წარმოება იმაზე უარეს მდგომარეობაში ჩავარდა, ვიდრე ოდესმე და პრაქტიკულად გაკოტრებისთვის გაიწირა", - ამბობს "რეზონანსთან" ბაირახტარი.

ეკონომისტი ასევე აღნიშნავს, რომ მწეველთა რაოდენობის შემცირების ნაცვლად, თამბაქოზე ფასის მატებამ კონტრაბანდის ზრდა გამოიწვია, ხოლო სიგარეტის მომხმარებლები უფრო დაბალხარისხიან პროდუქციაზე გადავიდნენ.

„რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ამხელა ეკონომიკური მსხვერპლიც კი არ აღმოჩნდა საკმარისი მწეველთა რაოდენობის შესამცირებლად. მეტიც, მოსახლეობა კიდევ უფრო დაბალხარისხიან პროდუქტზე, გადასახვევ თამბაქოზე გადავიდა. ამ პრობლემის გადაჭრასაც, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე უცვლელი ფორმით, გადასახადების გაზრდით ცდილობს. რამდენად შეამცირებს ეს ინიციატივა მწეველთა რაოდენობას, რთული სათქმელია, თუმცა ნათლად აჩვენებს იმ ეკონომიკურ რისკს, რომლისკენაც ეს ინიციატივა მიგვაქანებს. კერძოდ, საუბარია კონტრაბანდულ რისკზე, რომელიც ბოლო წლებში ისედაც მნიშვნელოვნად არის გაზრდილი.

რეალობას უფრო ნათლად დავინახავთ, თუკი კონტრაბანდული სიგარეტის მოცულობას ციფრებში შევხედავთ. ფინანსთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკით, 2017 წელს, წინა წელთან შედარებით, უაქციზო თამბაქოს ნაწარმის შემოტანაზე აღძრული სისხლის სამართლის საქმეების რაოდენობა 3-ჯერ გაიზარდა. თუ 2016 წელს თამბაქოს კონტრაბანდაზე სისხლის სამართლის 16 საქმე აღიძრა, 2017 წლის 3 კვარტალის მონაცემებით, ეს რიცხვი უკვე 48 საქმემდე იყო გაზრდილი.

რაც შეეხება საზღვარზე ამოღებული თამბაქოს რაოდენობას, 2016 წელს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 28 357 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღო, 2017 წლის მესამე კვარტალის მდგომარეობით კი – 494 320 კოლოფი. რაც შეეხება 2018 წელს, მართალია, გასული წლის მონაცემები სრულად ჯერჯერობით არ არსებობს, თუმცა შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, მხოლოდ წინა წლის ივლის-სექტემბერში საგამოძიებო სამსახურის მიერ ამოღებული უაქციზო თამბაქოს ღირებულებამ 98 000 ლარს გადააჭარბა. აქ საუბარია იმ შემთხვევებზე, რომლებიც გამოავლინა შემოსავლების სამსახურმა, ხოლო რომლებიც ვერ გამოავლინა, ისინი ცალკე საკითხია", - აცხადებს „რეზონანსთან" ბაირახტარი.

იმპორტიორი კომპანია „ჯეითიაი კავკასიის" კომუნიკაციების სპეციალისტი ივა ხასია ამტკიცებს, რომ არსებობს პატარა ჯგუფები, რომლებსაც თამბაქოს დიდი ოდენობა კონტრაბანდული გზით შემოაქვს და მას ე. წ. ბაზრობებზე ყიდის. ასეთი ფაქტები განსაკუთრებით რეგიონებში ფიქსირდება.

„შარშან დეკემბერში სრულიად მოულოდნელად ადვალურმა გადასახადმა მოიმატა – იყო 10% და გახდა 30%. ეს ნიშნავს, რომ 1 კოლოფზე 50 თეთრის ნაცვლად 1.50-ის გადახდა გვიწევს. შესაბამისად, მომენტალურად არ გაგვიზრდია ფასი, რადგან მცირე მარაგი იყო, მაგრამ შემდეგ, რა თქმა უნდა, გაძვირდა.

რაც მეტად გაიზრდება ფასი, მით მეტ გზას იპოვიან ადამიანები უკანონო ბიზნესისათვის, მით უფრო იმ ფონზე, როცა ირგვლივ ყველგან გაცილებით იაფია თამბაქო. ამით ზარალობს ბიზნესიც, რომელიც ყველა გადასახადს იხდის და სახელმწიფოც. ამით მხოლოდ არაკეთილსინდისიერი ჯგუფები ხეირობენ. გვესმის, რომ გადასახადის ზრდა ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებაა, მაგრამ ეს უნდა იყოს თანხვედრაში რეგიონში არსებულ სურათთან.

დაზუსტებით ვიცი, რომ არსებობს პატარა ჯგუფები, რომლებსაც თამბაქოს დიდი ოდენობა კონტრაბანდული გზით შემოაქვთ და მას ე. წ. ბაზრობებზე ყიდიან. ასეთი ფაქტები განსაკუთრებით რეგიონებში ფიქსირდება, თუმცა ამაზე საუბარი სამომავლოდ უფრო შესაძლებელი იქნება", - განუცხადა „რეზონანსს" ხასიამ.

თამარ მუკბანიანი

გაზეთი „რეზონანსი"