გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, 2018 წელს, 65 ლოკაციაზე, მათ შორის, სკოლებისა და ბაღების მიმდებარე ტერიტორიებზე ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ ტყვიის შემცველობა ნორმის ფარგლებშია.
როგორც დავითაშვილმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, გასულ წელს, პირველად საქართველოში, ჩატარდა მასშტაბური კვლევა თბილისში ჰაერში ტყვიის შემცველობის დასადგენად.
„65 ლოკაციაზე, მათ შორის, სკოლებისა და ბაღების მიმდებარე ტერიტორიებზე ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ ტყვიის შემცველობა ნორმის ფარგლებშია. 2018 წელს გაიხსნა თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი, ატმოსფერული ჰაერის, ნიადაგის და წყლის ანალიზის ლაბორატორია. 2018 წელს ამოქმედდა საქართველოს მასშტაბით ჰაერის ხარისხის პირველი ავტომატური მობილური სადგური, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში ჰაერის ხარისხის შემოწმება. 2019 წლის თებერვალში ევროპული ავტომატური სადგური ამოქმედდა ქ. რუსთავში, ანალოგიური სადგური ქ. კასპში უახლოეს მომავალში ამოქმედდება, ხოლო აპრილში თბილისში. იტალიის მთავრობის მხარდაჭერით 2019-2020 წლებში ქვეყნის მონიტორინგის ქსელს კიდევ 5 ახალი ევროპული ავტომატური სადგური შეემატება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
მინისტრის თქმით, თითოეულ მოქალაქეს შეუძლია თავისი წვლილი შეიტანოს ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების საქმეში.
„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შექმნილია ახალი პორტალი - http://air.gov.ge/. პორტალი უზრუნველყოფს ჰაერის ხარისხთან და მონიტორინგთან დაკავშირებული სრული ინფორმაციის ხელმისაწვდომობას ერთიან სივრცეში, ელექტრონული მმართველობის ხელშეწყობას, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კუთხით ღონისძიებების დაგეგმვას და გადაწყვეტილების მიღებისა და პოლიტიკის დაგეგმვის პროცესში საზოგადოების მონაწილეობის ხელშეწყობას“, - აღნიშნა დავითაშვილმა.