ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ E60 ავტომაგისტრალის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ გიორგი ამაშუკელმა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეებმა - ვაჟა ფანჩულიძემ და გივი ჩოჩიამ E60 ავტომაგისტრალის სამშენებლო სამუშაოები რუისი-აგარის მონაკვეთზე დაათვალიერეს და გზის მშენებლებისგან პროექტის მიმდინარეობაზე დეტალური ინფორმაცია მიიღეს.

E60 ავტომაგისტრალის რუისი-აგარის მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. პროექტი, რომელიც 19 კილომეტრი სიგრძის საავტომობილო გზის რეკონსტრუქციას ითვალისწინებს, რუისს დასავლეთ საქართველოსთან დააკავშირებს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი რუისი-აგარის მაგისტრალის მონაკვეთს მსოფლიო ბანკის ხელშეწყობით აშენებს. სამშენებლო სამუშაოებზე, რომლის ღირებულებაც 70 მილიონი ლარია, 500-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, მათგან 70% კი ადგილობრივია. ჯგუფები 24 საათის განმავლობაში, ორ ცვლაში მუშაობენ.

რუისი-აგარის ავტომაგისტრალის 11 კილომეტრიან მონაკვეთზე გზის გაუმჯობესება და 8 კილომეტრზე აგარის შემოვლითი ახალი მიმართულების გზის მშენებლობა ხორციელდება. გზის საფუძვლის მოწყობის ძირითადი სამუშაოები დასრულებულია, უკვე აშენდა 36 რკინაბეტონის წყალგამტარი მილი, 6 მიწისქვეშა სამეურნეო გასასვლელი და 3 სახიდე გადასასვლელი. ასევე, მიმდინარეობს 4 ხიდის, 2 ესტაკადის და 5 გზაგამტარის მშენებლობა. ავტობანის ეს მონაკვეთი რეკონსტრუქციის დასრულების შემდეგ საერთაშორისო სტანდარტებს გაუთანაბრდება, რაც ავტომობილის გადაადგილებას სწრაფს და უსაფრთხოს გახდის.

ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე პარალელურად მიმდინარეობს აგარა-ზემო ოსიაურის, რუისი-აგარის, ზესტაფონი-ქუთაისის, ქუთაისის შემოვლითი, ქუთაისის შემოვლით-სამტრედიის, სამტრედია-გრიგოლეთის და ქობულეთის შემოვლით გზების სამშნებელო სამუშაოები.