საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის პირობების დარღვევისთვის კლინიკები დაახლოებით 56 მლნ ლარით დაჯარიმდნენ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოში განუცხადეს.
როგორც უწყებაში განმარტავენ, დაჯარიმების მიზეზი მთავრობის 36 დადგენილების პირობების შეუსრულებლობა იყო.
სააგენტოს მიერ „ინტერპრესნიუსისთვის“ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს დავა სამედიცინო დაწესებულებებსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს შორის ჯარიმებსა და მათ ოდენობაზე, თუმცა სააგენტოში არ აკონკრეტებენ, რომელ კლინიკებზეა საუბარი.
„დავის დასრულების შემდეგ, სააგენტოს მხრიდან აღნიშნული ინფორმაციის გასაჯაროვების უფლების მიღება აუცილებელი იქნება კლინიკებისაგან, რადგან აღნიშნული ქმედება შესაძლოა, ეწინააღმდეგებოდეს მათ კომერციულ ინტერესებს,“-აცხადებენ სააგენტოში.
უწყების ცნობით, მთავრობის გადაწყვეტილებით კლინიკებს უკვე ეპატიათ 30 მლნ ლარზე მეტი და ამ ეტაპზე მათ მომსახურების ანაზღაურებული თანხიდან დასაბრუნებელი აქვთ დაახლოებით 13 მლნ ლარი.
ცნობისთვის, გასულ წელს ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტომ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები პროგრამის ამოქმედების დროიდან, ანუ 2013 წლიდან შეისწავლა და გამოვლენილი დარღვევების გამო კლინიკებს პროგრამულად ანაზღაურებული თანხის უკან დაბრუნება და მასთან ამ თანხის ორმაგი ოდენობის ჯარიმის გადახდა დააკისრა.
კლინიკების დაჯარიმების ფაქტი მოხვდა ბიზნესომბუდსმენის 2018 წლის ანგარიშშიც, სადაც აღნიშნულია, რომ ბიზნესომბუდსმენის რეკომენდაციები უწყებამ ნაწილობრივ გაითვალისწინა.
„საჯარიმო სანქციების ამოღების არსებული მექანიზმის გამოყენება საფრთხეს უქმნიდა საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის განხორციელებას და შესაბამისად, სახელმწიფოს მიერ ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. შესაბამისად, სამინისტროს მიეცა რეკომენდაცია, რომ გარკვეული ვადით გამოცხადებულიყო მორატორიუმი სამედიცინო დაწესებულებებისთვის გეგმური ამბულატორიული მომსახურების ფარგლებში დაკისრებული საჯარიმო სანქციების დაკავების გზით აღსრულებაზე და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმოედგინა წინადადებები საჯარიმო სანქციების ოდენობებისა და მათი გადახდის ადმინისტრირების წესის, ასევე დავის განხილვისა და გადაწყვეტის წესის ოპტიმიზაციის მიმართულებით“, - აღნიშნულია ბიზნესომბუდსმენის ანგარიშში.