გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ტყის ახალი კოდექსით ხე-ტყის დამზადების გრძელვადიანი ლიცენზიები სრულად უქმდება.
ამის შესახებ მინისტრმა პარლამენტში განაცხადა, სადაც „მინისტრის საათის“ ფარგლებში ამ წუთებში დეპუტატების წინაშე სიტყვით გამოდის.
დავითაშვილის თქმით, გრძელვადიანი ლიცენზიების ნაცვლად, შემოდის მდგრადი სატყეო მეურნეობის მართვის მოდელი და კანონპროექტის განხილვა დაგეგმილია საგაზაფხულო სესიაზე.
„ეროვნულმა სატყეო სააგენტომ მთელი ქვეყნის მასშტაბით სატყეო-სამეურნეო გზების რეაბილიტაცია მოახდინა. გზების მოწყობა-რეაბილიტაცია ხელს უწყობს ხანძარსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების ჩატარებას და ტყის მოვლა-აღდგენის სამუშაოებს. აგრეთვე, უადვილებს მოსახლეობას სააგენტოს მიერ გამოყოფილი ტყეკაფებიდან საშეშე მერქნის გამოტანას. აქედან გამომდინარე, ეროვნულმა სატყეო სააგენტომ მოახდინა სატყეო-სამეურნეო გზების რეაბილიტაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით 105,54 კმ-ზე. ბორჯომის ხეობაში დასრულდა ნახანძრალი ტყის აღდგენის პირველი ეტაპი. ტყის აღდგენის სამუშაოები განხორციელდა 163.73 ჰა ფართობზე, მათ შორის დასრულდა ბორჯომის ხეობაში ნახანძრალი ტყის აღდგენის პირველი ეტაპი. დარგული იქნა 270 000-მდე ნერგი. ღონისძიებები გაგრძელდება მიმდინარე წელსაც და ტყის აღდგენა განხორციელდება 329,51 ჰა-ზე (გაგრძელდება ბორჯომის ნახანძრალი ტერიტორიის აღდგენა). გარდა ამისა, 2018 წელს 550 ჰა-ზე განხორციელდა ბზის ალურით დაზიანებული კოლხური ბზის კორომების შეწამვლის ღონისძიებები; მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლის ღონისძიებები პერმანენტულად მიმდინარეობს“, - განაცხადა მინისტრმა.
ლევან დავითაშვილის თქმით, ქვეყანაში პირველად ინერგება ტყის ეროვნული აღრიცხვა, რომლის პირველი სამუშაოები 2019 წელს განხორციელდება კახეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლისა და ქვემო ქართლის რეგიონებში.