ჰელსინკის აეროპორტი ევროპაში მგზავრთა მომსახურების საუკეთესო გამოცდილებისთვის დაჯილდოვდა

ჰელსინკის აეროპორტი ევროპაში მგზავრთა მომსახურების საუკეთესო გამოცდილებისთვის დაჯილდოვდა. აეროპორტების საერთაშორისო საბჭომ მსოფლიოში ცნობილი აეროპორტის სერვისის ხარისხის ჯილდოს გამარჯვებულები გამოავლინა. აღნიშნული ჯილდო მსოფლიოს მასშტაბით იმ აეროპორტებს ენიჭება, რომლებსაც მათივე მგზავრების მოსაზრებით მომხმარებელთა მომსახურების საუკეთესო გამოცდილება აქვს. ჰელსინკის აეროპორტმა ჯილდო ზომისა და რეგიონის მიხედვით საუკეთესო აეროპორტის ნომინაციაში მიიღო.

„მგზავრთა მომსახურება და მომხმარებელთა მომსახურების გამოცდილების განვითარება, რომელიც დაფუძნებული იქნება მათ საჭიროებებსა და მოლოდინებზე, ჩვენი სტრატეგიის ქვაკუთხედს წარმოადგენს.

ჩვენი მიზანი მწყობრად მომუშავე პროცესის შექმნა, მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა, კომფორტული და მაღალფუნქციური ტერმინალების შექმნა და მომხმარებლებზე მორგებული სერვისების შეთავაზებაა. ჩვენ ვმუშაობთ, რათა ყველა ეს ასპექტი ყოველდღიურად გავაუმჯობესოთ. მოხარულები ვართ, რომ ეს ჯილდო მივიღეთ. ეს მიღწევა ჩვენ მიერ გაწეული მძიმე სამუშაოს აღიარებაა, რომელსაც ვასრულებთ იმისთვის, რომ მგზავრებს სასიამოვნო მგზავრობა ჰქონდეთ“, - განაცხადა Finavia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა კიმო მაკიმ.

აეროპორტის სერვისის ხარისხის ჯილდო 90 ქვეყნის 376 აეროპორტის 650 ათასი მგზავრის გამოკითხვის შედეგებს ემყარება. მგზავრებმა შეაფასეს აეროპორტის მიერ შეთავაზებული ისეთი სერვისების ხარისხი როგორიც მაგალითად, რეგისტრაციის პროცესი, უსაფრთხოება, საკვები და სასმელი, აეროპორტის აღჭურვილობა და მათთან მისაწვდომობა.

მოამზადა - სალომე აბულაშვილმა