ოფიციალური კურსი
კონვერტორი
USD
GEL
ნავთობის ფასმა მოიმატა

OPEC-ის მიერ ბაზარზე მიწოდების შეკვეცის, ვენესუელასა და ირანის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შემდეგ ნავთობის ფასი უმნიშვნელოდ გაიზარდა. თუმცა მის გაძვირებას კვლავ ხელს უშლის ის გარემოება, რომ შეერთებულ შტატებში მოპოვება და საცავებში არსებული მარაგები იზრდება.

ბრენტ მარკის ბარელი ნავთობის ფასი 66.12 დოლარამდე (წინა სესიის დახურვიდან 13 ცენტით) გაიზარდა, ამერიკული დასავლეთ ტექსასური საშუალო (WTI) კი ბარელი 56.24 დოლარი (წინა სესიის დახურვის ფასზე 2 ცენტით მეტი) ღირს.

ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია (OPEC) და მისი არაწევრი ქვეყნები შეთანხმებულნი არიან, რომ ერთობლივი ძალისხმევით, ბაზარზე ნავთობის დღიური მიწოდების მოცულობას 1.2 მილიონი ბარელით შეზღუდავენ. მათი შეთანხმება იანვრიდან მოქმედებს, რაც ნავთობის ფასის ზრდას იწვევს. შეზღუდვის მიზანს, ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდების დაბალანსება წარმოადგენს. შეთანხმების ვადა ივნისში იწურება.

შეერთებული შტატების მიერ, ვენესუელასა და ირანის წინააღმდეგ სანქციების განახლება, ნავთობის გაძვირების მეორე ძლიერი ფაქტორია. ამ სანქციების გამო, ვენესუელას სახელმწიფო ნავთობკომპანია PDVSA, მოპოვებული ნავთობის უცხოეთში გატანას ვერ ახერხებს.

რაც შეეხება ირანს, მისი ნავთობის იმპორტზე, აშშ-მ რამდენიმე აზიურ ქვეყანას გარკვეული შეღავათები მისცა, რომლებიც 180 დღე იმოქმედებს. შესაბამისად, ირანზე სანქცია ჯერჯერობით სრულად არ ამოქმედებულა. მაგრამ ვაშინგტონი ამ ქვეყნებს ავალდებულებს, რომ მათ ირანულ ნავთობზე დამოკიდებულება თანდათან ნულამდე შეამცირონ.

ამ ყველაფრის მიუხედავად, ნავთობის ფასის მკვეთრი ზრდა მაინც არ მოხდა, რაც ამერიკაში ფიქალური საბადოების ინტენსიური დამუშავების და მოპოვების რეკორდულ მოცულობამდე ზრდის შედეგია. გარდა ამისა, მოსალოდნელზე მეტად გაიზარდა ამერიკაში არსებული მარაგები. აშშ-ის დღიური მოპოვების მოცულობა 12.1 მილიონ ბარელამდე არის გაზრდილი, რაც წლის დასაწყისის ანალოგიურ მაჩვენებელზე 2 მილიონით მეტია.