სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის პრეზენტაციას შალვა ფიფია არ დაესწრო

სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის პრეზენტაცია გამართა.

ანონსის თანახმად, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" "სოფლის მეურნეობის განვითარების 2014-2020 წლების სტრატეგიის" პრეზენტაცია მინისტრ შალვა ფიფიას უნდა გაემართა, თუმცა 11:00 საათზე დაგეგმილ ღონისძიებაზე შალვა ფიფია არ მისულა და სტრატეგია უწყების სხვა თანამშრომლებმა წარადგინეს. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, შალვა ფიფია პრემიერ-მინისტრმა დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა.

სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია შვიდ ძირითად მიმართულებას მოიცავს. ესენია: ფერმერთა და აგრარულ სექტორში დასაქმებულთა კონკურენტუნარიანობის ამაღლება; დამატებითი ღირებულებების შემქმნელი სრული ციკლის წარმოების განვითარების ხელშეწყობა; ინსტიტუციური განვითარება და ტრენინგები; რეგიონული და სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურის განვითარება; სასურსათო უსაფრთხოება; სურსათის უვნებლობა; გარემო და ბიო-მრავალფეროვნება.

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, დავით გალეგაშვილის თქმით, მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა, სტრატეგია კონკრეტული მოქმედების გეგმის სტატუსსაც იძენს. მისივე თქმით, ევროპაში უმაღლეს დონეზეა აყვანილი სოფლის მეურნეობა და პირველ რიგში, ეს რეგულაციებს შეეხება.

სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის წარმომადგენლის, ლაშა დოლიძის განმარტებით, სტრატეგიას რამდენიმე ძირითადი მიზანი აქვს. მათ შორის არის ფერმერთა და ზოგადად, სოფლის მეურნეობის სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლება, ასევე ფერმერთათვის თანამედროვე ცოდნისა და ტექნოლოგიების გადაცემის საკითხი.

პრეზენტაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის მეურნეობის ატაშე ხუან ხოსე ეჩანოვე ესწრებოდა, რომელმაც ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ სტრატეგია სოფლის მეურნეობის დარგში წინ გადადგმული ნაბიჯია. მისივე თქმით, დოკუმენტი სრულ შესაბამისობაშია ყველა იმ მოთხოვნასთან, რომელსაც ევროპა საქართველოს უყენებს.

"ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა ყველა დაინტერესებული მხარისთვის, რომ ჰქონდეს სრული წარმოდგენა სამინისტროს ხედვაზე. მრავალი წლის განავლობაში სოფლის მეურნეობის დარგი სრულიად უყურადღებოდ იყო დატოვებული და ამ სტრატეგიით უკვე გაჩნდა რეალური ხედვები, თუ რა გზით მიდის ქვეყანა დარგში", - აღნიშნა ხუან ხოსე ეჩანოვემ.

ღონისძიებას ექსპერტები, მეცნიერები და დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლები და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.