ცოცხალ ყვავილებზე მოთხოვნა, განსაკუთრებით სადღესასწავლო პერიოდში, იზრდება. ბაზარზე ყვავილების ძირითადი ნაწილი იმპორტირებულია, ფასი კი ერთ თაიგულზე 3 ლარიდან იწყება და ზოგ შემთხვევაში 3 500 ლარამდეც კი ადის.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტეერსდა, რომელი ქვეყნებიდან შემოდის საქართველოში ცოცხალი ყვავილები, რამდენად მოთხოვნადია და ამასთან, საშუალოდ როგორია მისი ღირებულება.
საქსტატის მონაცემებით, 2018 წელს 747,9 ათასი ტონა ყვავილის იმპორტი განხორციელდა, ჯამში 2, 559 მლნ დოლარის. ამათგან, 192,1 ტონა (801,1 ათასი დოლარი) კენიიდან შემოვიდა, 359 000 ტონა (435,7 ათასი დოლარი) თურქეთიდან, 78,2 ტონა (621 ათასი დოლარი) ეკვადორიდან, 65,3 ტონა (211 ათასი დოლარი) სომხეთიდან, 39,8 ტონა (427,3 ათასი დოლარი) ნიდერლანდებიდან, 13 ტონა (58 ათასი დოლარი) ირანიდან, 0.6 ტონა (5,7 ათასი დოლარი) კი დანარჩენი ქვეყნებიდან.
რაც შეეხება 2019 წლის იანვრის მონაცემებს, ქვეყანაში 292 ათასი დოლარის ღირებულების 100 ტონა ყვავილი შემოვიდა. აქედან 21,9 ტონა (88,5 ათასი დოლარი) კენიდან იყო, 57,2 ტონა (65,4 ათასი დოლარი) თურქეთიდან, 8,5 ტონა (64,3 ათასი დოლარი) ეკვადორიდან, 7,2 ტონა (36,1 ათასი დოლარი) სომხეთიდან, 2,6 ტონა (27,8 ათასი დოლარი) ნიდერლანდებიდან, ხოლო 2,5 ტონა (10,5 ათასი დოლარი) ირანიდან.
როგორც ცოცხალი ყვავილების რეალიზატორების ნაწილი „ბიზნესპრესნიუსთან“ აცხადებს, მათი პროდუქცია ძირითადად იმპორტირებულია, თუმცა მინდვრის ყვავილებითა და ყოჩივარდებით ადგილობრივი სათბურებიდან მარაგდებიან.
მათი თქმით, ზოგადად ქვეყანაში ყვავილებზე მოთხოვნა გაზრდილია, განსაკუთრებით კი, სადღესასწაულო პერიოდში.
„ყვავილებზე მოთხოვნა რომ გაზრდილია, ამას ყვავილების სალონების დიდი რაოდენობაც მოწმობს. 5-6 წლის წინ ასეთი მოთხოვნა ნამდვილად არ ყოფილა. ეს ალბათ, იმან გამოიწვია, რომ ყვავილების ფასი ვისწავლეთ, გარდა ამისა, ღონისძიებების და ქორწილების ყვავილებით გაფორმების ტენდენცია შემოვიდა და ძალიან დიდი რაოდენობით ყიდულობენ. რაც შეეხება კონკრეტულად ჩვენს პროდუქციას, ძირითადად იმპორტირებულია. შემოგვაქვს ჰოლანდიიდან, ამსტერდამიდან, ეკვადორიდან და ა.შ. თუმცა ყვავილების ზოგიერთ სახეობას კახეთში მდებარე ერთ-ერთი სათბურიდან ვყიდულობთ“,- განუცხადეს „ბიზნესპრესნიუსს“ ყვავილების ერთ-ერთ მაღაზიაში.
რაც შეეხება ყვავილების ფასებს, როგორც რეალიზატორები აცხადებენ, ეს ძირითადად შეკვეთაზე და პროდუქტის კონკრეტულ სახეობაზეა დამოკიდებული, თუმცა საშუალოდ, ერთი თაიგულის ფასი 3 ლარიდან იწყება (მინდვრის ყვავილები) და 3500 ლარამდეც კი ადის.