საქართველოში კვერცხის იმპორტზე კონტროლო არ ხორციელდება და ქვეყანაში განუსაზღვრელი შენახვის პირობების მქონე პროდუქტი შემოდის - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის თავმჯდომარემ ზურაბ უჩუმბეგაშვილმა განუცხადა. ამ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფენ შემოსავლების სამსახურში. უწყებაში აცხადებენ, რომ სასაზღვრო ინსპექციის პუნქტებში სურსათი, მათ შორის, კვერცხი ექვემდებარება ვეტერინარულ კონტროლს, მათ შორის, ეჭვის საფუძველზე ნიმუშის აღებას ლაბორატორიული კვლევისათვის.
„კვერცხი არის მალფუჭებადი პროდუქტი. მას აქვს თავისი შენახვის ვადა და პირობები. მისი წარმოება რეგიონის ქვეყნებში არაგეგმიურად ხდება და ჩვენს მოსაზღვრე ქვეყნებში არის ჭარბი წარმოება. ვინაიდან მისი შენახვა მალფუჭებადობიდან გამომდინარე შეუძლებელია, სადღაც უნდა მოხდეს რეალიზაცია. რეგიონში ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც საზღვარი აქვს გახსნილი. საქართველოში განუსაზღვრელი ხარისხის კვერცხი და ასევე განუსაზღვრელი შენახვის პირობების მქონე პროდუქტი შემოდის. არცერთი ჩვენი რეგიონის სხვა ქვეყანა - არც რუსეთი, არც უკრაინა, არც სომხეთი ან აზერბაიჯანი მეფრინველეობის ამ პროდუქტს არ იღებს. ჩვენთან კი უპრობლემოდ შემოდის. აქ კითხვის ნიშანია როგორც ხარისხზე, ასევე დემპინგზე. მაგალითად, თურქეთში დღეს კვერცხი ღირს გაცილებით ძვირი. საქართველოში კი უფრო იაფად შემოდის, ამის მიზანი კი არის ჭარბი წარმოების მოშორება. ეს კი ანგრევს ქართულ წარმოებას.“-განაცხადა ზურაბ უჩუმბეგაშვილმა.
მეფრინველეობის დარგის პრეტენზიებს არ იზიარებენ შემოსავლების სამსახურში. უწყების ცნობით, სასაზღვრო ინსპექციის პუნქტებში სურსათი ექვემდებარება ვეტერინარულ კონტროლს, მათ შორის, ეჭვის საფუძველზე ნიმუშის აღებას ლაბორატორიული კვლევისათვის.
„ქვეყანაში უკონტროლოდ არ შემოდის ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონელი, მათ შორის, კვერცხი და სხვა მეფრინველეობის პროდუქტი, რაც შესაბამისად, გამორიცხავს ვადაგასული პროდუქტის შემოტანას. საქონლის იდენტურობის შემოწმების დროს მოწმდება სატრანსპორტო საშუალებაზე დადებული. ლუქის მთლიანობა, დგინდება მასზე დატანილი ნომრის (ან კოდის) ვეტერინარული სერტიფიკატის ან/და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა თანმხლები დოკუმენტების მონაცემებთან შესაბამისობა.
ასევე, ხორციელდება საქონლის წარმოშობის ქვეყნისა და საწარმოს იდენტიფიკაციისათვის საჭირო შტამპების, ოფიციალური აღნიშვნების არსებობის, საქონლის ვარგისიანობის ვადების, აგრეთვე ამ მონაცემების ვეტერინარულ სერტიფიკატში ან სხვა დოკუმენტებში აღნიშნულ ინფორმაციასთან შესაბამისობის დადგენა და შეფუთული ან დაფასოებული საქონლისათვის სპეციალური მარკირების შემოწმებას“, - განაცხადეს შემოსავლების სამსახურში.
უწყების ინფორმაციითვე, ფიზიკური შემოწმება მოიცავს საქონლის ფიზიკურ, ქიმიური ტესტირებას (გაჭრა, გადნობა, გაცხელება), საქონლის ორგანოლეპტიკურ შემოწმებას (სუნი, ფერი, სიმკვრივე) და ტრანსპორტირების პირობების, მათ შორის, ტემპერატურული რეჟიმის შემოწმებას.
ამასთან, როგორც უწყებაში აცხადებენ, 2015 წლიდან დღემდე მეფრინველეობის პროდუქტების სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის დროს გამოვლენილია 60-მდე მიკრობიოლოგიური დაბინძურება და 25-მდე სხვადასვა დარღვევა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის იანვარში 86 400 დოლარის ღირებულების ფრინველის კვერცხი შემოვიდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 80 600 დოლარის ღირებულების, თებერვალში კი სულ 20 100 დოლარის ღირებულების კვერცხის იმპორტი განხორციელდაა. რეგიონის ქვეყნებში სავარაუდოდ, ჭარბი წარმოება იყო 2018 წლის მარტში, ნოემბერში და დეკემბერში, ვინაიდან, ამ სამ თვეში საქართველოში ყველაზე დიდი რაოდენობის კვერცხის შემოსვლა ფიქსირდება. კონკრეტულად კი მარტში ეს მონაცემი 129 ათას დოლარს აღემატება. ნოემბერში 149 ათას დოლარს. ყველაზე დიდი რაოდენობით იმპორტი დეკემბერში დაფიქსირდა, ქვეყანაში 335 300 დოლარის ღირებულების კვერცხი შემოვიდა. საერთო ჯამში კი გასულ წელს საქართველოში 1 106 100 დოლარის ღირებულების ფრინველის კვერცხის იმპორტი განხორციელდა.