შს სამინისტრო „48 საათის“ ტიპის მინი სერიალს გადაიღებს. მომსახურების გამარტივებული შესყიდვის თაობაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ თანხმობა უკვე მიიღო. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება - 486 051 ლარია.
დოკუმენტაციის თანახმად, დაგეგმილია, რომ მინი სერიალის გადაღება დაიწყოს თებერვლის თვეში. მოცემულ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები ლიცენზიის თაობაზე და ხელშეკრულება შესაბამისი შეთანხმების მიღწევისთანავე გაფორმდება. ამასთან, დაგეგმილია, რომ მინი სერიალის გადაღება მე-2 კვარტალში დასრულდეს.
„სამინისტროს მიზანია ნათლად გამოჩნდეს „სისტემური განახლების“ ფარგლებში გატარებული კრიმინალური პოლიციის რეფორმის შედეგი. მთელს ამ პროცესში სამინისტრო უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს სამართალდამცავთა კვალიფიკაციის ზრდას, საზოგადოების მხრიდან მოპოვებულ ნდობას, ღიაობასა და გამჭვირვალობას.
ასევე, მნიშვნელოვანია საზოგადოებასთან აქტიური კომუნიკაცია, რომლის წინაშეც სამინისტრო უნდა წარსდგეს, როგორც ქმედითი, თანამედროვე, სამართლიანი და ეფექტური სამართალდამცავი სტრუქტურა, რომლის მიმართ საზოგადოებრივი ნდობა მაღალია. ამ მიზნით მნიშვნელოვანია საზოგადოების ინფორმირება და მათი ცნობიერების ამაღლება სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით, მათ შორის ფართო სახოგადოებაზე გათვლილი კრიმინალური დეტექტიური ტელეგადაცემის შექმნით.
გეგმის განხორციელებისთვის სამინისტრომ უნდა შეიძინოს ოფიციალური ლიცენზია Columbia Broadcasting System (CBS)-სგან, ფორმატი „48 საათი“. ამ ფორმატის ლიცენზიის ყიდვა და მისი ოფიციალური ქართული ვერსიის გაკეთების ბენეფიტებია:
მსოფლიო გიგნანტი ბრენდის CBS-ის ავტორიტეტის, ნდობის, დამაჯერებლობის და პრესტიჟის მოპოვება.
Know-how-ს, გამოცდილების და იმ ცოდნის გაზიარება, რაც 20 გზის „ემის“ ჯილდოს მფლობელ, მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ, კრიმინალური დოკუმენტური ჟანრის გადაცემას აქვს, უკვე სამი ათწლეულის მანძილზე.
საქართველოს იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც აკეთებს ამ გადაცემის საერთაშორისო ვერსიას და ეს უცხოურ პრესაშიც გაშუქდება, რაც ხელს შეუწყობს სამინისტროს პოზიციონირებას როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშორისო დონეზე.
აღსანიშნავია, რომ დღეისათვის პოლიციის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა საზოგადოების ნდობის ამაღლება თანამედროვე საპოლიციო ინსტრუმენტების დანერგვის მეშვეობით. საგამოძიებო კომპონენტის გაძლიერება და მისი პოზიციონირება საზოგადოების წინაშე მიზნად ისახავს, პოლიციის საქმიანობაში პრევენციული მექანიზმების გაძლიერებას, მაღალკვალიფიცირებული კადრებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების მაქსიმალური გამოყენებით დანაშაულის ეფექტურ გამოძიებას, რამაც საბოლო ჯამში უნდა უჩვენოს დანაშაულთან ბრძოლის სამინისტროში არსებული მექანიზმები და შექმნას უსაფრთხო გარემოს განცდა საზოგადოებაში.
საზოგადოებასთან უშუალო ურთიერთობის გაძლიერება და მათთვის რეალურ ქეისებზე დაყრდნობით კრიმინალური პოლიციის საქმიანობის დეტალების გაცნობა, არსებითი ფაქტორია პოლიციის მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლების კუთხით. აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ ქვემოთ მითითებული მომსახურების შეძენა ნამდვილად ატარებს სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ხასიათს,“-აღნიშნულია დოკუმენტაციაში.