„სერიოზული ქართველი ბიზნესმენები აღმოჩნდნენ ღარიბაშვილის დროს მისი გარემოცვის დარტყმის ობიექტები” -ამის შესახებ „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა მამუკა კაციტაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
„ღარიბაშვილი რომ დაბრუნდა, თავად ახსენა, რომ „ჩემმა გარემოცვამ ცუდი სამსახური გამიწიაო“. იგივეს ამბობდა თავის დროზე ივანიშვილიც. შემთხვევით ცალკეული ბიზნესმენების დაწიოკებას ხომ არ ჰქონდა მაშინ ადგილი?! ზეპირად ვიცი ეგ ყველაფერი. სერიოზული ქართველი ბიზნესმენები აღმოჩნდენ დარტყმის ობიექტები იმ ჯგუფის მხრიდან, რომელმაც შეულახა რეპუტაცია და შეიწირა კიდეც ღარიბაშვილი.
ზეწოლის მომენტები იყო მაშინ კონკრეტული ბიზნესმენების მიმართ. გვარებს ხომ არ ჩამოვთვლი, თუ უნდათ თვითონ თქვან. ამის მთელი ქეისები ვიცი. ეს ყველაფერი მივიდა ივანიშვილის ყურამდე და იმდენად ხმაურიანად მივიდა, რომ ამას მოჰყვა ყველაფერი რაც მოჰყვა. ეს გარემოცვა როგორც ღარიბაშვილმა ახლა, დაბრუნების შემდეგ თქვა, მასთან სახლში აღარ მიდიან ანუ დაისაჯნენ კონტაქტის გაწყვეტით.
შესაბამისად, ხაზარაძე ამ ხელისუფლების პირობებში პირველი არ არის. ასეთი რამეები ხდებოდა - ზოგი ჩუმად იყო და უღირდა ეს სიჩუმე, ზოგი იბრძოდა, ზოგი შედეგიანად, ზოგიც უშედეგოდ. ეს კი იმის ბრალია რომ აბსოლუტური ძალაუფლების მფლობელი ხელისუფლება ცდილობს, არა მხოლოდ სახელმწიფო ინსტიტუტები ყავდეს საკუთარი კონტროლის ქვეშ, არამედ ყველა და ყველაფერი იყოს მისი კონტროლის ქვეშ, მათ შორის ბიზნესიც, რომელიც საშიშია ხელისუფლებისთვის,“-აღნიშნა კაციტაძემ.