ტერიტორიები, სადაც ინვესტორები ფართების ქირაობა-შეძენით ინტერესდებიან

უძრავი ქონების სააგენტო myclient.ge-ს ინფორმაციით, კომერციული ფართების ყიდვის ან დაქირავების სურვილით ინვესტორები ყოველდღიურად მიმართავენ.

მათი მოთხოვნიდან გამომდინარე, კომპანიაში ყველაზე მოთხოვნად ტერიტორიებსაც ასახელებენ. კერძოდ, ესენია: აღმაშენებლის გამზირი, ვაკე-საბურთალო და ძველი თბილისი.

„როდესაც ჩვენთან მოდიან ადამიანები, რომლებსაც კომერციული საქმიანობისთვის სურთ ფართის დაქირავება, ისინი ცალსახად განმარტავენ, რომ იჯარის ოდენობამ 10 წელიწადში უნდა მოახდინოს ფართის ღირებულების ამოღება,“-განმარტავენ სააგენტოში.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ სააგენტოს ცნობით, თბილისის ცენტრალურ უბნებში კომერციული ფართების გაყიდვისა და გაქირავების ტენდენცია საგრძნობლად შემცირებულია.

როგორც კომპანიის დირექტორი, გვანცა გუჯელაშვილი განმარტავს, „კომერციული ფართები ყველაზე მეტად აღმაშნებლის გამზირზე გამოცარიელდა, არადა ეს ქუჩა უცხოელი ინვესტორების მხრიდან ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და შესაბამისად, დაკავებულიც იყო“.

აღნიშნულის მიზეზად Myclient.ge-ში ასახელებენ კომერციული ფართების ფასს, რომელსაც მესაკუთრეები თავიანთი სურვილის მიხედვით, თუმცა შეუსაბამოდ ადებენ, რაც ინვესტორებისთვის მისაღები ღირებულებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

„ცენტრალურ უბნებში კომერციული ფართების ღირებულება (კვადრატული) 3000-5000 ლარის ფარგლებში მერყეობს, მესაკუთრეები კი თითქმის ორმაგს აფასებენ. ანუ, ბაზარზე არის ასეთი მდგომარეობა - ერთის მხრივ, ყველას უნდა საკუთარი უძრავი ქონება ერთგვარ შემოსავლის წყაროდ აქციოს, გაყიდოს ან გააქირავოს, მაგრამ ამის მიუხედავად, ხდება ისე, რომ მესაკუთრეები არასწორად, ბაზრის მოთხოვნებისგან განსხვავებულ ფასს ადებენ ქონებას, რაც თავისუფალი ფულადი სახსრების დაბანდების მსურველებს აფრთხობს და შესაბამისად, მათ შორის მოლაპარაკებების წარმოება შეუძლებელია,“-განმარტავს გუჯელაშვილი.

თაია არდოტელი