მსოფლიოში უმდიდრესმა - ნორვეგიის კეთილდღეობის ფონდმა მცირე ნავთობ და გაზმომპოვებელი კომპანიების აქციების გაყიდვა გადაწყვიტა. ამასთან, ის შეინარჩუნებს ისეთი გიგანტების აქციებს, როგორებიცაა „როიალ დაჩ შელი“ და „ექსონ მობილი“.
დაახლოებით ერთწლიანი განხილვის შემდეგ, ქვეყნის მთავრობამ ფონდის ხელმძღვანელობას იმის რეკომენდაცია მისცა, რომ გაყიდის ისეთი კომპანიების აქციები, რომლებიც ნავთობსაბადოების მოძიებასა და ნავთობის გადამუშავებაზე არიან ორიენტირებულნი. მათ შორისაა, „ანადარკო პეტროლეუმი“, რომელიც საქართველოშიც აწარმოებს ახალი საბადოების საძიებო სამუშაოებს.
საერთო ჯამში ფონდი, რომელიც ტრილიონზე მეტი დოლარის ქონებას აკონტროლებს, აღნიშნული კომპანიების 7.5 მილიარდი დოლარის ღირებულების აქციებს გაჰყიდის.
მთავრობის და ფონდის ხელმძღვანელთა 2017 წლის შეხვედრაზე იყო საუბარი იმაზეც, რომ ფონდს საერთოდ დაეტოვებინა ნავთობის სექტორი. მაშინ ამას კლიმატის დაცვის მომხრეთა მხრიდან დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. თუმცა ამჯერად ისინი მეტწილად უკმაყოფილონი დარჩნენ იმით, რომ ჯერჯერობით, ფონდი მხოლოდ ნაწილობრივ ტოვებს ნავთობის და გაზის სექტორს.
ნორვეგიას სურს, რომ გარემოს დამცველი ქვეყნის იმიჯი მოირგოს. ამ მიმართულებით, ქვეყანა ერთ-ერთი მოწინავეა. მაგალითად, ავტომობილების ელექტრიფიკაციის მხრივ, ის ერთ-ერთი მოწინავეა მსოფლიოში. მაგრამ მეორე მხრივ, ნორვეგია ნავთობის და გაზის მსხვილი მომპოვებელ-ექსპორტიორია.
ქვეყნის ფინანსთა მინისტრი სივ იენსენი, ფონდის მიერ ნავთობის სექტორის მხოლოდ ნაწილობრივ დატოვების გადაწყვეტილებას იმ გარემოებით ამართლებს, რომ დიდი ნავთობკომპანიები განახლებადი ენერგიის სფეროში ინვესტიციებს მუდმივად ზრდიან. მათ შორისაა ნორვეგიული ნავთობგიგანტი „სტატოილი“, რომელმაც გარდა იმისა, რომ განახლებად ენერგეტიკაში ინვესტიციები მკვეთრად გაზარდა, სახელიც გამოიცვალა და ამიერიდან, „ეკვინორად“ იწოდება.
ნორვეგიის კეთილდღეობის ფონდი, მსოფლიოს უმდიდრეს ორგანზაციად ბოლო ორ ათწლეულში ჩამოყალიბდა. მისი ფინანსური საფუძველი, ნავთობისა და გაზის მრეწველობიდან მიღებული მოგებით ჩამოყალიბდა. ფონდის მმართველობას ქვეყნის ცენტრალური ბანკი აკონტროლებს. ფონდს „შელის“ აქციების 2.45 პროცენტი, BP-ს აქციების 2.31 პროცენტი, „ტოტალის“ 2.02 პროცენტი, „შევრონის“ 0.99 და „ექსონმობილის“ 0.94 პროცენტი ეკუთვნის.