კომპანია „ვოლვომ“ გამოაცხადა, რომ თავისი ყველა ახალი ავტომობილის მაქსიმალურ სიჩქარეს 180 კმ/სთ-ით შეზღუდავს. შვედური კომპანია იმედოვნებს, რომ შეასრულებს მის მიერ აღებულ ვალდებულებას, რომლის შესაბამისადაც 2020 წლისთვის მისი ავტომობილებით ფატალური ავარიები აღარ უნდა მოხდეს.
„ვოლვო“ მიზანს კოდური სახელწოდებით „ვიჟნ 2020“ თანდათან უახლოვდება, მაგრამ მისი მთავარი აღმასრულებელი ჰაკან სამუელსონი ამბობს, რომ დამატებითი ღონსძიებების გარეშე, მიზანი მიუღწეველი დარჩება. ცნობისათვის, კომპანიის ფლაგმან უგზოობის მოდელ XC90-ის მაქსიმალური სიჩქარე 212 კილომეტრია საათში.
კომპანია არ აკონკრეტებს, თუ რამდენი ფატალური შემთხვევა ხდება მის მიერ წარმოებული ავტომობილებით. თუმცა ცნობილია, რომ „ვოლვოს“ ამ მხრივ ავტოინდუსტრიაში ყველაზე კარგი მაჩვენებლები აქვს. სიჩქარის შეზღუდვის გარდა, კომპანია ბევრ ახალ ტექნოლოგიას ნერგავს იმისთვის, რომ მიზნის მიღწევა შეძლოს. მათ შორისაა სისტემა, რომელიც კამერების დახმარებით, მძღოლის ფიზიკურ მდგომარეობას აკვირდება. სისტემა მართვის საშუალებას არ მოგცემთ, თუ დაღლა ან ინტოქსიკაციის ნიშნები (სიმთვრალე, ნარკო თრობა) დააფიქსირა. სამუელსონი ამბობს, რომ ეს ორი ფაქტორიც (ინტოქსიკაცია და დაღლა) ავარიების ძირითად მიზეზებს შორისაა.
„ვოლვო“ ჩინური „ჯილის“ მფლობელობაშია. შვედურმა კომპანიამ თავისი სიჩქარის ახალი შეზღუდვის შესახებ, ჟენევის მოტორ შოუზე გამოაცხადა, სადაც მისმა სპორტული ელექტრომობილების მწარმოებელმა ბრენდმა „პოლსტარმა“, თავისი მეორე მოდელი, „პოლსტარ 2“ წარადგინა.
სამუელსონმა ისიც განაცხადა, რომ ზოგიერთი ბაზრისთვის, მაგალითად გერმანიისთვის, სიჩქარის შემზღუდველებს გამორთავს. ამის მიზეზი ისაა, რომ გერმანიაში ავტობანებზე ავტომობილები ხშირად 200 კმ/სთ და მეტი სიჩქარით გადაადგილდება და სიჩქარის შეზღუდვის გამო, შესაძლოა, ავტომობილებზე მოთხოვნაც შემცირდეს. თუმცა ისიც ცნობილია, „ვოლვოს“ ავტომობილებს მეტწილად, მათი უსაფრთხოების გამო ყიდულობენ.
„ყველას ვერ ვასიამოვნებთ, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ახალ მომხმარებლებს მოვიზიდავთ. ჩემი აზრით, გერმანელი მომხმრებელი დააფასებს იმას, რასაც ჩვენ უსაფრთხოებისთვის ვაკეთებთ“, - დასძენს სამუელსონი.